თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივანთან ჩაკ ჰეიგელთან, ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელთან გენერალ ფრანკ გრასთან, პრეზიდენტის თანაშემწესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა უფროს დირექტორთან კარენ დონფრიდთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან პოლ ჯონსთან, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ედმონდ მულესთან.
ალასანია მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდა CACI (ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი) ფორუმზე თემით "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და რეგიონალური უსაფრთხოება კავკასიაში". თავდაცვის მინისტრი შეხვედრას გამართავს ასევე ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტშიც.
ამერიკაში გამგზავრებამდე ირაკლი ალასანია გერმანიაში, სამხედრო ბაზა "ჰოჰენფელსზე" იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.