ცოტა ხნის წინ Sony World Photography-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა. გერმანელმა ფოტოგრაფმა, ბორის ელდაგსენმა, თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ კონკურსისთვის ფოტო ხელოვნურ ინტელექტს შეაქმნევინა, ამიტომ პრიზს არ იმსახურებდა და მასზე უარი განაცხადა.
"ფოტოგრაფების სამყაროში ღია დისკუსია გვჭირდება. დროა განვიხილოთ, რა არის ფოტოგრაფია და რა — არა. არის თუ არა ფოტოგრაფია იმდენად დიდი სივრცე, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებიც ფოტოგრაფიად ჩავთვალოთ? თუ ეს შეცდომა იქნება? ჯილდოზე უარის თქმით ვიმედოვნებ, რომ ამ დებატებს დავაჩქარებ", — განაცხადა გერმანელმა ფოტოგრაფმა.
გამარჯვებულ შავ-თეთრ ფოტოზე სხვადასხვა ასაკის ორ ქალს ვხედავთ. ბორისის თქმით, ფოტოს გამარჯვება ისტორიული მომენტია, რადგან პრესტიჟულ კონკურსში ხელოვნურმა ინტელექტმა ძლიერი ფოტოგრაფების დამარცხება შეძლო. მან ასევე დასძინა, რომ ბევრ ადამიანს ეჭვიც კი არ გაუჩნდებოდა, რომ ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, თუმცა ამ ჯილდოს მიღება მაინც არასწორად მიიჩნია.
Sony World Photography Awards-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბორისთან კომუნიკაცია პრიზის მიღებამდეც ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ფოტოს "თანაავტორი" ხელოვნური ინტელექტი იყო.
"მიმოწერაში ბორისმა განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით შესაძლებლობებს სწავლობდა, რაც მის ფოტოზეც გამოიხატებოდა. მან პრიზი კრეატიული შემოქმედების კატეგორიაში მიიღო, ჩვენი კონკურსი კი მიესალმება ფოტოს შექმნის ექსპერიმენტულ მიდგომებს და ბორისთან მიმოწერის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ის ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კონკურსის ორგანიზატორებმა ისიც აღნიშნეს, რომ ამ თემაზე დებატების დაწყებას თავადაც მიესალმებიან. რაც შეეხება ბორისს, მან კონკურსის ორგანიზატორებს პრიზის გადაცემა იმ ფოტოგრაფიის ფესტივალისთვის შესთავაზა, რომელიც მალე უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდება.