16 აპრილს ბროდვეიზე ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარული მიუზიკლის „ოპერის მოჩვენების“ ბოლო ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიუზიკლი ბროდვეიზე 1988 წლიდან გადიოდა და ამ დროიდან ის 13 981-ჯერ აჩვენეს. ეს ბროდვეის თეატრის ყველაზე ხანგრძლივი დადგმა იყო. ფინალურ წარმოდგენას თავად უებერიც დაესწრო.
მიუზიკლის ჩვენების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. მიზეზად კი ის ფაქტი დასახელდა, რომ წარმოდგენებს სათანადო ფინანსური მოგება არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მიუზიკლის პროდიუსერი კამერონ მაკინტოში არ გამორიცხავს, რომ წარმოდგენა ბროდვეიზე დაბრუნდება.