გავრცელებული ხმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჰარი პოტერის სერიალზე იტყობინებოდნენ, საბოლოოდ დადასტურდა — HBO Max, რომელიც ამიერიდან, უბრალოდ, Max-ის სახელით იმაუწყებლებს, ლეგენდარულ ჯადოსნურ სამყაროზე მუშაობას იწყებს.
ჯერ კიდევ 2021 წელს, გამოცემა The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოსტუდია Warner Bros.-ის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია ჯოან როულინგის შვიდწიგნეულის ტელეეკრანზე გაცოცხლებას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ კი, უცხოურმა მედიასაშუალებებმა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაავრცელეს და დასძინეს, აგერ ჩვენ და აგერ თქვენ, Warner Bros. მალე ყველაფერს იტყვისო. ასე აგიხდეთ ყველა კეთილი სურვილი — სულ ახლახან კინოკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ზასლავმა Max-ის რებრენდინგთან ერთად სიახლეც გვახარა.
მაშ ასე, რა გავიგეთ სერიალზე, რომელზეც Max მუშაობს?
1. თითოეულ წიგნს თითო სეზონი დაეთმობა
როგორც გაირკვა, სერიალის შვიდ სეზონს ვიხილავთ — თითოეულ წიგნს თითო სეზონი დაეთმობა. შესაბამისად, სერიალი ბევრად უფრო მრავლისმომცველი იქნება, ვიდრე ფილმები. ფილმების სიყვარულის მიუხედავად, ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯადოსნური სამყაროს ეკრანზე გაცოცხლებისას ბევრი რამ დაიკარგა — პერსონაჟები, სიუჟეტური ხაზის მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები, ისტორიის ნიუანსები და სხვა. ახლა კი, დრო მოვიდა, ეს ყველაფერი სერიალმა გამოასწოროს.
2. პერსონაჟებს ახალი მსახიობები განასახიერებენ
რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა, ლეგენდარული ტრიო ისევ რედკლიფს, გრინტსა და უოტსონს განესახიერებინათ. თუმცა, ჯერჯერობით არც ის ვიცით, რომელ ნაცნობ სახეებს და სახელებს შეიძლება სერიალში თვალი მოვკრათ. ერთი კია — ფილმების ასე საყვარელი მსახიობების შემდეგ, რთული იქნება, "ახალ" ჰარის, რონსა და ჰერმიონს გავეცნოთ და დავუახლოვდეთ.
3. სერიალი მაქსიმალურად ახლოს იქნება წიგნებში მოთხრობილ ამბავთან
როგორც ვახსენეთ, სერიალი, ფორმატიდან გამომდინარე, ფილმების ბევრი დანაკარგის ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა. აი, კომპანიამ კი განცხადებაში პირობაც დადო, რომ ჩვენს საყვარელ ისტორიას ავთენტიკური სახით გააცოცხლებს და პერსონაჟებიდან ჯადოსნურ ადგილებამდე ყველაფერს დეტალებამდე ჩაუკირკიტდება.
4. აღმასრულებელი პროდიუსერის როლს თავად როულინგი მოირგებს
თუ ზემოთ მოყოლილმაც ვერ დაგამშვიდათ, გეტყვით, რომ სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ჰარი პოტერის შემქმნელი ჯოან როულინგი იქნება. ამ პოზიციაზე მასთან ერთად ნილ ბლერი და რუთ კენლი-ლეტსი იმუშავებენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დევიდ ჰეიმანთანაც, რომელიც ჰარი პოტერის რვავე ფილმის პროდიუსერი გახლდათ.
"Max-ის შემართება, ერთგული დარჩეს წიგნებისა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს", — ამბობს როულინგი, — "ერთი სული მაქვს, როდის მივიღებ მონაწილეობას ახალი ადაპტაციის შექმნაში. ის იმ მასშტაბის სიღრმის და დეტალების გამოჩენის საშუალებას მოგვცემს, რომელიც მხოლოდ ხანგრძლივ სატელევიზიო სერიალში თუ იქნებოდა შესაძლებელი".
5. სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს
ჰარი პოტერის შვიდწიგნეული 17 წლის განმავლობაში იქმნებოდა, ფილმების გადაღებას კი ათ წელზე მეტი დასჭირდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ სერიალის 7 სეზონიც ვერ იქნება ერთი ხელის მოსმით გადასაღები. Max-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიალი ათწლეულს გასტანს.
სხვათა შორის, პროექტის მასშტაბურობაზე მხოლოდ ხანგრძლივობა როდი მეტყველებს — HBO-ისა და Max-ის კონტენტის ხელმძღვანელი ქეისი ბლოისი ამბობს, რომ სერიალის ბიუჯეტი ისეთ გიგანტებს გაუტოლდება, როგორებიცაა Game of Thrones და House of the Dragon. ამ უკანასკნელის პირველი სეზონი კი, შეგახსენებთ, $125 მილიონამდე დაჯდა.
"რამდენიც ხარისხიან სერიალს დასჭირდება", — ასეთია ბიუჯეტის ბლოისისეული გათვლა.
ბონუსი: ეს ყველაფერი არაა...
ჰარი პოტერის სამყაროს რომ უსასრულობამდე ბევრი არ უკლია, ამას პირველივე წიგნის წაკითხვის შემდეგ ხვდები. ჰოდა, Warner Bros.-იც განაგრძობს წიგნის ფურცლებიდან ჯადოსნური სამყაროს სხვადასხვა სახით გაცოცხლებას.
"შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რაც გვინდა", — ამბობს ზასლავი, — "ზოგ რამეში როულინგთან თანამშრომლობა გვჭირდება, ყველაფერ დანარჩენში კი თავისუფლება გვაქვს".
გასული წლის შემოდგომაზე ზასლავმა განაცხადა, რომ პოტერიადის ფრენჩაიზში ახალი ფილმების გამოშვებაზეც ფიქრობენ. ამასთან, დაგეგმილია ჯადოსნური ცხოველების სერიაში კიდევ ორი ფილმის გადაღება.
ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის საერთო შემოსავალმა კი $7,7 მილიარდს გადააჭარბა.