სარა პოლსონისა და პედრო პასკალის ერთგული მეგობრობა სამ ათწლეულს ითვლის. ჰოლივუდის ორი გამორჩეული მსახიობის ურთიერთობა კი მათი ფანებისა და მედიისთვისაც კარგად ცნობილი ამბავია.
ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში პოლსონმა ადრეული 2000-იანი წლები გაიხსენა, როცა პასკალს უჭირდა, ჰოლივუდში ფეხი მოეკიდა და როლები მიეღო. სწორედ ამ რთულ პერიოდში დაუდგა სარა მეგობარს გვერდში და ფინანსურადაც დაეხმარა.
"ამაზე საჯაროდ თავადაც უსაუბრია", — ჰყვება პოლსონი ინტერვიუში, — "იყო დრო, როცა ჩემი საქმიდან მიღებულ ყოველდღიურ ანაზღაურებას ვაძლევდი, რათა საკვებისთვის ფული ჰქონოდა".
პოლსონი და პასკალი ერთმანეთს 1993 წელს შეხვდნენ, როცა ეს უკანასკნელი ნიუ-იორკში სასწავლებლად ჩავიდა. სარას თქმით, იმ პერიოდში ისინი მუდმივად დადიოდნენ კინოში ერთად, რადგან რაღაცებისგან "მენტალურად, ემოციურად და სულიერად გაქცევა" სჭირდებოდათ.
სწავლის დასრულების შემდეგ, პასკალი ლოს-ანჯელესში გადავიდა და სამსახიობო კარიერის დაწყება სცადა. რამდენიმე სერიალში მონაწილეობის მიუხედავად, პედრო საკმარისს მაინც ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომ ნიუ-იორკში დაბრუნდა და 2000 წელს ისევ სცადა კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება.
"ვფიქრობდი, რომ თუკი 29 წლამდე რაიმე მნიშვნელოვან როლს არ შევასრულებდი, ყველაფერი დასრულებული იყო", — იხსენებს პასკალი, — "მაშინ გადავაფასე, რას ნიშნავდა ამ პროფესიისთვის ცხოვრების მიძღვნა და არა ის, რაც ბავშვობაში წარმომედგინა".
პედრო არ დანებებულა და მისმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო — HBO-ის The Last of Us-სა და დისნეის The Mandalorian-ში მონაწილეობის შემდეგ, დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად მიიჩნევა.