BBC-ის საგამოძიებო აუდიო რეპორტაჟზე, სადაც საუბარია მილიარდიან თაღლითობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რომლის მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თბილისში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სხვა პარტნიორი პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ სიუჟეტი შავი პიარის ნაწილია.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი ხორციელდება.
"ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ჩვენც ყველანი ვხედავთ, რომ ხორციელდება ბატონ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მე ერთ რამეს ვიტყვი, მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტრები შექმნას, მათი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ. დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციონერი, ოპოზიციას უჭერს მხარს და ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ მაგის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი," - აცხადებს დევი ჭანკოტაძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ დავით კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციას კონსოლიდირებაში ხელს უშლის.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩრდილიდან ცდილობს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ცვლილებები შეიტანოს, ეს უკვე წარსულია.
"ჩემი პოზიცია მკაფიოა ამ სფეროში, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ყოფილი თუ მოქმედი ლიდერი, რომელიც მით უმეტეს ჩრდილში დგას და ჩრდილიდან ცდილობს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ცვლილებები შეიტანოს თუ პოზიციონირება მოახდინოს, ეს არის წარსული, ეს არის გუშინწინდელი დღე და რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა ფაქტობრივად, თავის პოზიციის შეუცვლელად უთხრა უარი მათ 2012 წელს. რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, ალბათ ის ხალხი უფრო მკაფიოდ და კარგად გაგცემენ პასუხს, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს ან ვინც დაუფინანსებია," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.
"ასეთ სისტემებში, როგორიც ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების, ყოველთვის ხელისუფლებასთან შეთანხmებით აკეთებენ. შესაბამისად, ზოგადად, ასეთ ბიზნესში ყოფნა, მაშინ როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის დონორობა გინდა, ჩემი აზრით, ვერანაირად ვერ წაადგება საერთო ოპოზიციურ საქმეს," - ამბობს იაგო ხვიჩია.