“დაუძახეთ ფოტოგრაფს!“ - ისმის გიორგი შენგელაიას ფილმის “ხარება და გოგიას“ ფინალში და ფოტოგრაფი ვასილ როინაშვილი დახოცილ ყაჩაღებს უკანასკნელ ფოტოსურათს უღებს. პოლიციიისათვის ეს სამუშაო ფოტო იყო, რითაც სადამსჯელო ოპერაციის შედეგი დააფიქსირეს, ხოლო რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის იგი ფილმის ეპიზოდად იქცა.
“ხარება და გოგია“ 1987 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იგი რეალურ ამბებსა და პერსონაჟებზეა დაფუძნებული. რეალურად არსებობს ფოტო, რომელსაც ფილმის ფინალში იღებენ და რეალური პიროვნებაა მისი გადამღები ფოტოგრაფიც, ვასილ როინაშვილი, რომელიც იმ დროს თელავში მოღვაწეობდა.
იგი ფილმში კიდევ ერთ ეპიზოდში გვხვდება: ყაჩაღებმა ფოტოგრაფი ტყეში მიიწვიეს და რამდენიმე ფოტო გადააღებინეს, სადაც ასახულია როგორ ქეიფობენ, ხუმრობენ და აირაღს “ამარიაჟებენ“, ერთი სიტყვით, კამერის წინ პოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხარება და გოგია მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ, ისინი 1913 წელს დახოცეს, როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები დღემდეა შემონახული უამრავ კახურ ოჯახში. მათთვის ყაჩაღები ლეგენდებად იქცნენ. სწორედ ამ ფოტოებზე დაყრდნობით აღადგინა გიორგი შენგელაიმ მათი ცხოვრების დეტალები.
ყაჩაღები ხალხს ძალიან უყვარდა და ინახავდნენ, სურსათით ამარაგებდნენ, პოლიციელთა თავდასხმაზე აფრთხილებდნენ, ამიტომ ადგილობრივი პოლიცია მათ ვერაფერს აკლებდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ წესრიგის დასამყარებლად სპეციალური ექსპედიცია გაგზავნა კახეთში პოლკოვნიკ ახვლედიანის მეთაურობით. მათ ყაჩარები მაღრანის ხეობაში მოიმწყვდიეს, ზამთარი იყო და ისისნი პანკისის ხეობაში აპირებდნენ გამოსაზამთრებლად გადასვლას, სადაც დიდი მეგობრობა ჰქონდათ იქაურ ქისტებთან. ახვლედიანმა ადგილობრივი თუშები მოისყიდა, რომლებიც მათ სანოვაგითა და სამელით ამარაგებდნენ და სავარაუდოდ, სასმელში რაღაც ჩაუყარეს, რამაც ყაჩარები გააბრუა და მაიძინა. ასეთ მდგომარეობაში დაესხნენ თავს და ამოხოცეს.
მაშინაც ასე სჩვეოდა: ის ადგილი უნდა დაფიქსირებულიყო, სადაც ინციდენტი მოხდა. ამიტომ თვითონ მოიყვანეს ფოტოგრაფი, დააწყეს გვამები და ფოტოები გადაუღეს. ეს ფოტო მე მოვიძიე საქართველოს მუზეუმში, ამოღებული იყო იმდროინდელი პოლიციის არქივიდან და ამის მიხედვით ფილმში დოკუმენტურად აღვადგინე ფინალი. კერძოდ ის, რომ ყაჩაღები ისხდნენ თოვლიან ტყეში, მიაძინათ ღვინომ და ასე მიძინებულ მდგომარეობაში დააყარეს ტყვია.
კინემატოგრაფში უამრავია ასეთი შემთხვევა, როცა ფოტოსურათი რეჟისორის შტაგონების წყაროდ ქცეულა, ანდა როცა ფილმი ამა თუ იმ მიზანსცენას სწორედ ფოტონამუშევარს უნდა უმადლოდეს.