საქართველოში ჩამოსვლა ბევრ ადამიანს სურს. ეს საოცარი ადგილია. ამ პიროვნებას არ ვიცნობ და არ ვიცი, რისთვის მოდიოდა. იქნებ, ყაზბეგის მთის დალაშქვრა სურდა?! წარმოდგენა არ მაქვს!, - ასე განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვების გამო დასმულ შეკითხვაზე.
მისივე თქმით, აღნიშნულს აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირების ფაქტთან კავშირი არ აქვს.
„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ პიროვნებას არ ვიცნობ. ამ საქმის შესახებ არ მსმენია, სანამ ლილუაშვილმა არ დაიწყო საუბარი მედიის საშუალებით. ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ შემდგარა. როდესაც აშშ-ის მოქალაქე საელჩოს მიმართავს, ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, თუმცა არ არსებობს გზა, რომლითაც საქართველოში შემოსული ყველა ამერიკელის შესახებ გვეცოდინება. საქართველოში ჩამოსვლა ბევრ ადამიანს სურს. ეს საოცარი ადგილია. ამ პიროვნებას არ ვიცნობ და არ ვიცი, რისთვის მოდიოდა. იქნებ ყაზბეგის მთის დალაშქვრა სურდა?! წარმოდგენა არ მაქვს! მედიაში გაჟღერებამდე ამ საკითხზე საერთოდ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში