გარდა იმისა, რომ აღნიშნული შეიცავს სამი მოსამართლის დისკრედიტაციის საფრთხეს, ეს ასევე შესაძლოა, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორისგან ასეთი ნაბიჯი ძალიან სამწუხაროა.
„გარდა იმისა, რომ აღნიშნული შეიცავს სამი მოსამართლის დისკრედიტაციის საფრთხეს, ეს ასევე შესაძლოა, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული. ჩვენ უკვე ვნახეთ გამოხმაურებები, როდესაც ოპოზიცია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკვე სასამართლოს მიმართ ნდობას. ეს იმ პირობებში, როდესაც კორუფციის მიმართულება იქნება თუ სასამართლოს ნდობის მიმართულება, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი რეიტინგებით, თუ კვლევების მიხედვით, თუკი შევადარებთ ევროპისა თუ სხვა მონაცემებს, საქართველოს სასამართლო არის ერთ-ერთი წამყვანი ნდობის მიმართულებით. 50%-ზე მეტი აქვს ნდობა საქართველოს სასამართლოს. კორუფციის მიმართულებით ახლა სადაც ვართ, იცით, ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ და ასე უაპელაციოდ, მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულებების გრძნობის გარეშე, მოსამართლეების მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება, კიდევ ერთხელ, არ შეესაბამება იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.