ამილახვართა ციხე-კოშკები და კარის ეკლესია კუხიანიძეებმა თაღლითურად ხელში ჩაიგდეს

ამილახვართა ციხე-კოშკები და კარის ეკლესია კუხიანიძეებმა თაღლითურად ხელში ჩაიგდეს

კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, პოეტ ვაჟა ოთარაშვილის თქმით, ვახტანგ რჩეულიშვილის მძახალი, ვინმე ერეკლე კუხიანიძე თაღლითურად დაეპატრონა. საუბარია ტაძრებზე, ეკლესიებზე, ციხე-კოშკებსა და გალავნებზე. ასეთი რამ კი მსოფლიოში უპრეცენდენტოა. როგორც პოეტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ეს უკანონობა კუხიანიძეს „გაუპრავა“ ქართულმა სასამართლომ, ნოტარიუსმა და საჯარო რეესტრმა, ეს მაშინ, როცა აღნიშნული უნიკალური ძეგლები ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და, წესით, მას სახელმწიფო უნდა იცავდეს. რაც შეეხება ქვემოჭალის მოსახლეობას, ისინი წლების მანძილზე რჩეულიშვილების ზურგით გამაგრებულ კუხიანიძეებს ტერორის ქვეშ ჰყავდათ. თუმცა, ამჯერად, სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი არიან, უდარაჯონ თავის ისტორიულ მემკვიდრეობას, რადგან კუხიანიძე მთელ ქონებას ნაწილ-ნაწილ უპირებს გაყიდვას. კერძოდ, სოფლის მიწებით დაინტერესებულნი არიან ირანელები.

უკანონობას ისიც ემატება, რომ სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზოში, რომელიც ამილახვრების საძვალედ ითვლებოდა, ერეკლე კუხიანიძემ თავისი ბებია, ეკატერინე ჩოლოყაშვილი დაკრძალა. 20011-2012 წლებში, როდესაც რესტავრატორებმა და მეცნიერებმა ტაძრის აღდგენაზე მუშაობა დაიწყეს, კუხიანიძე და მისი ოჯახი მიუცვივდნენ და მათ ერთი ამბავი აუტეხეს, თუ რა უფლებით ეხებოდნენ საფლავებს და ხალხის სახელით შესაბამის უწყებაში საჩივარიც შეიტანეს.

For.ge-ს ვაჟა ოთარაშვილი ესაუბრა, რომლისთვისაც ქვემოჭალა მშობლიური სოფელია.

როგორ აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კუხიანიძეების საკუთრებაში და სახელმწოფომ რატომ არ დაიცვა ამილახვრების მემკვიდრეობა?

- საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო იცავს თავის კულტურულ მემკვიდრეობას, კულტურულ ძეგლებს და მოქალაქე ვალდებულია, გაუფრთხილდეს კულტურისა და ისტორიის ძეგლებს. ასევე, 2007 წელს საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ხოლო 2002 წელს გაფორმდა კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომლის მე-7 მუხლშიც წერია, რომ ნებისმიერი ქრისტიანული ეკლესია და საყდარი, ნანგრევიც კი, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რამხელა დარღვევა მოხდა. რაც შეეხება კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში განლაგებულ ამილახვრების ციხე-კოშკებს, ეს არის უნიკალური კომპლექსი, რომლის მსგავსი საქართველოში ნაკლებად მოიძიება. ეს უფრო დიდი კომპლექსია, ვიდრე მუხრან-ბატონის სასახლე. ეს ტერიტორია დაახლოებით, 2 ჰექტარზე, შეიძლება, უფრო მეტზეც არის გადაჭიმული და იგი ააშენა გივი მეორე ამილახვარმა 1730-იან წლებში. ამ პიროვნებას გადაუტანია ბრძოლები როგორც ლეკთა, ისე ირანელების და ათასნაირ ურჯულოთა შემოსევების დროს. მან სიონის ტაძარი დანგრევისგან და მეჩეთად გადაქცევისგან იხსნა, როცა მოისყიდა დამპყრობელი. გივი მეორე ამილახვრის შტო საკმაოდ ვრცელია. ამილახვართა პირდაპირი შთამომავლები საქართველოში დღესაც ცოცხლები არიან. ესენი გახლავთ ავთანდილ ამილახვრის, რევაზ ამილახვრის, ამირინგო ამილახვრის, ანდუყაფარ ამილახვრის შთამომავლობა. სამწუხაროდ, 1995 წლიდან სოფელ ქვემოჭალის ისტორიული ძეგლები, რომლებიც სოფლის ცენტრშია, და არა მარტო ეს ძეგლები, არამედ გორში არსებული ამილახვრის სასახლე, სადაც ბოლოს ცხოვრობდა გენერალი ივანე ამილახვარი (რომელიც მეფის რუსეთის ჯარში მსახურობდა და 1905 წელს გარდაიცვალა) და, სადაც იყო გორის პიონერთა სასახლე განთავსებული, აღმოჩნდა კუხიანიძეების ხელში. თუმცა გორში მდებარე ამილახვრების სასახლე კუხიანიძეებმა გაყიდეს და დღეს იქ არის „თიბისი ბანკი“ და რომელიღაც აფთიაქი. აქედან უკვე ჩანს, როგორი „მემკვიდრეებიც“ არიან კუხიანიძეები და როგორ ზრუნავენ კულტურულ მემკვიდრეობაზე. არადა, ჩვენი სახელმწიფო, რომელმაც დემოკრატიის განვითარების ევროპული გზა აირჩია, უნდა იცავდეს ევროპის კულტურულ კონვენციებს და ევროპის კულტურის ქარტიას.

როდის დაიწყეს კუხიანიძეებმა ამილახვრის ქონების ჩასაგდებად ბრძოლა და მანამდე თუ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია?

- კუხიანიძეების ბრძოლა 1994-95 წლებიდან დაიწყო. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. გივი ამილახვრის შთამომავლები არიან, დათუას შტოდან. სინამდვილეში, ეს გივი ამილახვარი არ არის ის გივი მეორე ამილახვარი, რომლის აშენებულიცაა ეს სასახლე. მეფის რუსეთის არმიაში მომსახურე პროპორშჩიკი გივი ამილახვარი სულ სხვა პიროვნებაა და იგი უბრალოდ მოსახელეა თავისი დიდი წინაპრის. ეს უკანასკნელი 1810 წელს დაიბადა და მეფის რუსეთის სამსახურში იყო. ამ გივი ამილახვარს საკმაოდ მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა, სულ 11 შვილი. მათგან ერთ-ერთი არის ივანე ამილახვარი, ცნობილი გენერალი, რომელსაც, თავის მხრივ, რვა შვილი ჰყავდა, ასევე, შემდეგ მოდის - მიხეილ ამილახვარი. მიხეილს ჰყავდა შვილი - ნინო ამილახვარი, რომელიც 1911 წელს გათხოვდა კახელ თავადზე - სოლომონ ჩოლოყაშვილზე და შეეძინა ქალიშვილი - ეკატერინე ჩოლოყაშვილი. სწორედ ეკატერინე არის ერეკლე კუხიანიძის დედის დედა, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა. ანუ ეკატერინე ჩოლოყაშვილის შვილი - ნინო ერისთავი თხოვდება კუხიანიძეზე და უკვე ჩნდება ერეკლე კუხიანიძე. ერეკლე კუხიანიძეს აქვს მინდობილობა თავისი დედისგან - ნინო ერისთავისგან, რომ მან აწარმოოს ყველა იურიუდიული საქმე სასამართლოში თუ საჯარო სტრუქტურაში. ერეკლე კუხიანიძემ, დედამისთან ერთად, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდში დაუმალა სასამართლოს, რომ ამილახვრების პირველი რიგის მემკვიდრეები ცოცხლები იყვნენ და თვითონ წარმოაჩინა თავი ივანე ამილახვრის შვილის, უკვე სხვა გივი ივანეს ძე ამილახვრის მემკვიდრედ. ხელში ჩამივარდა უზენაეს სასამართლოში ლადო ჭანტურიას სახელზე შეტანილი საჩივარი სწორედ ივანე ამილახვრის პირველი რიგის შთამომავლის - ნიკოლოზ ზუბალაშვილის მიერ, რომელიც ქმედუუნარო მდგომარეობაში აღმოჩნდა და კუხიანიძემ ისე მოირგო ამილახვრის მემკვიდრეობა, თითქოს, ამილახვრების პირდაპირი შტო ამომწყდარი იყო. საერთოდ, ასეთი პრეცენდენტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ვინმეს დავუმტკიცოთ, არ არსებობს. მით უმეტეს, აქ იურიდიული წყვეტა რამდენიმე საუკუნოვანია.

რატომ მოიტყუა თავი სასამართლომ, თუკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზეა საუბარი?

- ეს შევარდნაძის პერიოდში დაიწყო. 2000 წლის 29 თებერვალს დიდუბის სასამართლოზე, სხვათა შორის, ერეკლე კუხიანიძემ აღიარა, რომ მან დაუმალა სასამართლოს საქმის ნამდვილი არსი. უფრო ადრე, 1998 წელს ამის თაობაზე ერეკლე კუხიანიძემ საქმე წააგო უზენაეს სასამართლოში. მას გადმოუყარეს საბუთები, რომ იგი ამილახვრების არავითარი შთამომავალი არ იყო, მაგრამ მათ ისევ გააგრძელეს ეს რბოლა. სინამდვილეში, ეს კარგად გათვლილი და დაგეგმილი სვლებია. ისინი აცხადებენ, ვითომ ნინო ამილახვარმა ეკატერინე ჩოლოყაშვილს დაუტოვა ორი ვერცხლის კოვზი, ერთი ძველი კარადა, ძველი აზარფეშა. თუმცა ვინ არის ამის მოწმე და ამ დოკუმენტაციის მაჩვენებელი, რომ ეს მართლაც ასე მოხდა?! მეორეც, ასეთი პრეცენდენტი რომ დავუშვათ ამ გაუბედურებულ საქართველოში, რომ ამილახვრებს, მუხტარან-ბატონებს, ბაგრატიონებს, თარხან-მოურავებს, ციციშვილებს თავ-თავიანთი მიწები და ნაკვეთები დავურიგოთ, ანარქიამდე მივალთ.

თაღლითობის გამო რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

- ზუსტად ამის გამო ისარგებლეს კუხიანიძეებმა, რომ თაღლითობის გამო საქმე არ აღიძრა. 2001 წელს კასპის სასამართლომ, ჩვენდა სამწუხაროდ, მემკვიდრედ აღიარა ეკატერინე ჩოლოყაშვილი და აღნიშნა, რომ ვითომ გარდაცვლილი იყო ყველა სხვა შთამომავალი. სინამდვილეში, სასამართლომ არ გამოიკვლია, რომ ამილახვრების შთამომავლები ცოცხლები იყვნენ. დღესაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ამილახვრების ასზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს. ინტერნეტშიც თავისუფლად ნახავთ ამას. ის კი არა, 90-იან წლებში არიან დაბადებულნი მარეხ, გივი, გიგო, ვაჟა ამილახვრები...

ფიქრობთ, სასამართლო დაინტერესებული იყო ამ ფაქტების მიჩქმალვით?

- ეს უფაქიზესი საქმეა. სასამართლომ ორი კუთხით დაუშვა დანაშაული, არ მოიკითხა ამილახვრების ყველა სხვა მემკვიდრე და დაუჯერა კუხიანიძეებს, რომ, რადგან გივი ამილახვარი წავიდა ემიგრაციაში 1921 წელს და ცხოვრობდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში, ხოლო 43 წელს მისი კვალი გაქრა საფრანგეთში, თურმე ეს საბჭოთა პერიოდის გივი ამილახვარი (და არა ძველი გივი ამილახვარი) ყოფილა ამილახვრების მთელი შთამომვლობა. სინამდვილეში, ასე არ არის. რეალურად, პირდაპირი შთამომავლები ცოცხლები არიან, უბრალოდ, ხმას არ იღებენ. იცით, კუხიანიძეები რა მოტივს იშველიებენ? სხვა ამილახვრებმა რატომ არ განაცხადეს პრეტენზიაო. სხვა ამილახვრები იმიტომ არ აცხადებენ პრეტენზიას, რომ დღესაც ამ კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს მიკრული აქვს ფირნიში, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო. ბუნებრივია, ახლა რომ ვთქვათ, ბაგრატიონ-გრუზინსკის შთამომავლებმა განაცხადონ, რომ სვეტიცხოველი ბაგრატიონების სამარხი იყო და ჩვენ უნდა მოგვცეთო, როგორ გაუხარდება ქართველ ერს?! ან კიდევ, თელავში ერეკლე მეფის სასახლეზე რომ განაცხადოს პრეტენზია ვინმემ, ხომ ხვდებით, რა აბსურდამდე მივალთ?! როგორც თბილისის სასამართლოებმა, ასევე, კასპის სასამართლომ არ გამოიკვლიეს, რომ არ შეიძლებოდა ისტორიისა და კულტურის ძეგლის გასხვისება. აქ საუბარი არ არის 10, 20 ან 30 მეტრზე. ეს არის უნიკალური კომპლექსი, აშენებული გივი ამილახვრის მიერ და აქ არის ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია, სადაც ნიკოლოზ კათალიკოსს, იოთამ ამილახვრის შვილს, დაბრძანებული ჰქონდა ხელთუქმნელი ღვთისა - ანჩისხატი, სანამ მას ანჩისხატის ეკლესიაში მოაბრძანებდნენ თბილისში. წარმოდგინეთ, როგორ სიწმინდეზეა საუბარი და ეს ფაქტები არ გამოიკვლია სასამართლომ. მოგვიანებით, 2001 წლიდან კუხიანიძეები გაჩერდნენ, მაგრამ სააკაშვილის პირსისხლიანი ბანდის დროს, 2006-7 წლებში ისინი აფორმებენ სანოტარო აქტს, ანუ იხსნება მემკვიდრეობა და ვითომ ეკატერინე ჩოლოყაშვილი თავის მემკვიდრეობას გადასცემს ნინო ერისთავს. ეს ნოტარიულად ფორმდება, ნოტარიუს თინათინ დევდარიანის მიერ. ამის შემდეგ, უკვე, 2007 წელს რეესტრში ატარებენ. რეესტრში გატარებულ ამ ნახაზში კი არის კარის ეკლესია, ციხე-კოშკები, ერთი არის 10 500 კვადრატული მეტრი, მეორე  -8 900 კვ.მ. ანუ, საუბარია ქვემოჭალის დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე.

სასამართლოსთან ერთად, აქ საჯარო რეესტრის დანაშაულიც იკვეთება?

- საჯარო რეესტრის დანაშაულიც არის და ნოტარიუსის დანაშაულიც. იდეოლოგიურად, მე მაქვს ჩემი პოზიცია. შეიძლება, ჩემი მოწინააღმდეგე მხარე ამბობდეს, რომ ჩვენ ვართ შთამომავლები, მაგრამ მე მათ არავითარ შემთხვევაში, შთამომავლებად არ ვაღიარებ, რადგან ცოცხლები არიან ამილახვრების ნამდვილი შთამომავლები, პირდაპირი შტო. ესენი კი არიან მეშვიდე თუ მეცხრე რიგის შთამომავლები. ასე რომ მივყვეთ, ჩვენ ყველანი ვიღაცის შთამომავლები ვართ. მაგალითად, ბებიაჩემი ჩერქეზიშვილი იყო და მეცხრე თაობის იქით, შესაძლოა, გვარში ან ერისთავი გვყავდა, ან ციციშვილი, ან ბაგრატიონი. ასე აბსურდამდე მივალთ.

ასეთი სიტუაციიდან გამოსავალს როგორ ხედავთ? ფაქტი ისაა, რომ ციხე-კოშკები და ეკლესია მათ ხელშია.

- მე მათ მოვუწოდებ, დაუბრუნონ ეს ყველაფერი საპატრიარქოს, რადგან მე ვესაუბრე სამთავისისა და გორის ეპარქიის მეუფეს - ანდრიას, რომელიც ამზადებს წერილს მათ სახელზე. თუ მაინც არ დააბრუნებენ სიძველეებს, მაშინ ამ საქმეს გადავცემ მთავარ პროკურატურას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. უამრავი ლაფსუსი, კითხვის ნიშანი იკვეთება ამ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც დამალეს სინამდვილე. სასამართლოს, ნოტარიუსის დანაშაული ხომ ისედაც აშკარაა.

თუმცა მოსამართლეებს იმუნიტეტი იცავს.

- ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი არასწორადაა. ბოლო ეტაპზე არავის არ იცავს იმუნიტეტი. მიტერანიც, ბერლუსკონიც კი გამოიძახეს სასამართლოში. ჩვენთან იმუნიტეტი იცავს მხოლოდ ყაჩაღს, ნაციონალური ბანდის წევრებს. ერთადერთი, რასაც საქართველოში არ იცავენ, ეს არის სამართალი. სამწუხაროდ, სამართალს არ იცავს არც სასამართლო, არც ნოტარიუსი და არც რეესტრი. მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ამხელა კომპლექსი, 2 ჰექტარზე გადაჭიმული, ხელში ჩაეგდოს კერძო პირს, მით უმეტეს, მართლმადიდებლური ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია, ეს უნიკალური ძეგლი. ამიტომ, მოვუწოდებ კუხიანიძეებს, თავისი ნებით გადასცენ ეს ყველაფერი სახელმწიფოს, ხოლო საპატრიაქომ და კულტურის სამინისტრომ მიხედოს ჩვენს ძვირფას ისტორიულ ძეგლს, რათა იგი შევუნარჩუნოთ შთამომავლობას.

ერეკლე ოთარაშვილო იმკურნალოს ფსიქიატრთან....
თუმცა შენ სხვა რამ გჭირს - ნაძირლობა, რომელიც არ იკურნება.
9 თვის უკან
ერეკლე ერეკლე - ვაჟა ოთარაშვილო იმკურნალოს ფსიქიატრთან....
თუმცა შენ სხვა რამ გჭირს - ნაძირლობა, რომელიც არ იკურნება...
9 თვის უკან
ერეკლე - ვაჟა ოთარაშვილო იმკურნალოს ფსიქიატრთან....
თუმცა შენ სხვა რამ გჭირს - ნაძირლობა, რომელიც არ იკურნება
9 თვის უკან