HBO-ს პოპულარული სერიალ ეიფორიაში მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი კეტი იყო, რომელსაც ბარბი ფერეირა განასახიერებდა. პირველ სეზონში კეტის ისტორიას საკმაოდ დიდი დრო დაეთმო და მის განვითარებას მეორე სეზონში ყველანი სულმოუთქმელად ველოდით, თუმცა იმედი მწარედ გაგვიცრუვდა.
მეორე სეზონში კეტი თითქმის არ ჩანდა, მისი ხანმოკლე სცენები კი უცნაური და პერსონაჟისთვის შეუსაბამოც კი იყო. მალე ხმები გავრცელდა, რომ ამის მიზეზი ბარბისა და სერიალის შემქმნელ სემ ლევინსონს შორის დაპირისპირება გახდა. ამ ყველაფერს გასული წლის აგვისტოში ბარბის განცხადებაც დაემატა, რომლის მიხედვითაც სერიალს ტოვებდა.
როგორც იქნა, მსახიობმა გადაწყვიტა, კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებზე საჯაროდ ელაპარაკა და სერიალის დატოვების მიზეზიც ახსნა.
"მგონია, კეტს განვითარების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ვფიქრობ, არსებობდა მიმართულება, საითკენაც ის უნდა წასულიყო, თუმცა ეს შოუში აღარ ჯდებოდა. არ ვიცი, მოუხდებოდა თუ არა ეს პერსონაჟს და ორივე მხარე ასე ვფიქრობდით. არ მინდოდა, მსუქანი საუკეთესო მეგობარი ვყოფილიყავი. არც მე და არც სხვებს უნდოდათ, რომ ეგ როლი მეთამაშა", — განაცხადა ბარბიმ ინტერვიუში.
ბარბის თქმით, შემქმნელთან ჩხუბი არ მოსვლია და არც გადასაღები მოედნიდან გაქცეულა. სერიალიდან ბარბის წასვლის გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთობლივად მიიღო.
"სემი იმაზე წერს, რაც მისთვის ახლობელია. არ მგონია, რომ კეტი მისთვის ახლობელი ყოფილიყო. მე მომწონს კეტი, ამიტომ ჩემს გზაზე მივდივარ", — თქვა მსახიობმა.
ეიფორიას მე-3 სეზონი ბარბი ფერეირას გარეშე, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის დაბრუნდება.