ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრები იტბორება

ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრები იტბორება

ბებერი ტაოს ნაწილი წყალში იძირება. დღევანდელი თურქეთის ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი, რომელსაც წინათ ქართული სახელი ახალთა ერქვა, იტბორება. თურქეთში გიგანტური კაშხლის აგება ცალკეულ ქართულ ტაძრებს დატბორვას უქადის. მართალია, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ოშკს, ხახულს, ოთხთას, იშხანს, პარხალს, ხანძთას, დოლისყანას წყალი არ დატბორავს, მაგრამ წყალში ჩაძირვა ემუქრება სხვა ეკლესიებს-ახალთის ეკლესიას, სოფელ კოწახურას ჭალის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, თავისი ფრესკებით, კავკასიძეების ციხესიმაგრეს და ბაზილიკურ ეკლესიას. ამიერიდან ეს ციხე მხოლოდ წყალმცირობისას გამოჩნდება. თამარის ხიდები კი უკვე წყალმა დაფარა.

თავის დროზე შევარდნაძესა და დემირელს შორის დაიდო ქართველებისთვის წამგებიანი ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ თანხმობა განაცხადა ჭოროხზე კაშხლები აგებულიყო. შედეგად მდინარე ჭოროხსა და მის შენაერთებზე აიგო კაშხლები. როდესაც თვით თურქული პრესაც კი წერდა, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქ იუსუფელში წყლით უნიკალური ქართული ძეგლები იფარებაო, შევარდნაძის გარემოცვამ განაცხადა, ხელშეკრულების დადებისას ჩვენ მხოლოდ გარემოს დაცვა გვევალებოდა, ძეგლების ბედი კი იუნესკოს გადასაწყვეტი იყოო. ასე გულგრილად მოექცნენ ქართულ ძეგლებს.

თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი იუსუფელი შარშან გაიხსნა. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.

იუსუფელის კაშხალი არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ემუქრება, არამედ დიდ პრობლემას შეუქმნის შავი ზღვის სანაპირო ზოლს, განსაკუთრებით, ქობულეთს. თავის დროზე იუნესკოსთვის რომ მიგვემართა და ქართული ძეგლები დაგვეცვა, შეიძლებოდა ასეთი შედეგი არ მიგვეღო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. შემდეგ უკვე მტკვრის წყლის ნაწილი გადაუშვეს ჭოროხში აუზების შესავსებად და იმ ტერიტორიაზე წყალი იმდენად შემცირებულად მოედინება, რომ ფეხით გავლაც შეიძლება მტკვარზე ზაფხულში, ეს უკვე სააკაშვილის დროს მოხდა. ფაქტია, შევარდნაძის და მის შემდეგაც თურქეთის სასარგებლო საქმე გაკეთდა.

რატომ ვერ მოხერხდა ქართული პოზიციების დაცვა თავის დროზე, მით უფრო, როცა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ქვეყნების ისტორიული ძეგლები?

საქართველოს ყოფილი კონსული ტრაპიზონში, თურქოლოგი ზაურ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მდინარე ჭოროხზე კაშხლის აშენების გეგმა თურქეთს 10-12 წელია, რაც აქვს. შედეგად, კაშხლის წყლით იფარება ძალიან დიდი ტერიტორია, დაწყებული იუსუფელიდან, დამთავრებული ეთნიკური ქართველებით დასახლებული ძირითადი რაიონებით, ბორჩხა და სხვა. კაშხალი სხვა პრობლემებსაც ქმნის, მდინარე ჭოროხის წყალი გამეჩხერდება, რაც საქართველოს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. როგორც ცნობილია, მდინარე ჭოროხის მიერ ჩამოტანილი ნატანები (ქვა-ღორღი, კლდოვანი ნალექები) ქობულეთის სანაპიროს ამაგრებს. ჭოროხს სათავეში პარხალის წყალი უერთდება და უნდა გამოიაროს მთელი ტაო-კლარჯეთი, ანუ ქართული რეგიონები და ბათუმთან შავ ზღვაში ჩავიდეს. ამდენად, შეიძლება გამეჩხერებულმა წყალმა მოშალოს ქობულეთის პლაჟი, ქობულეთის სანაპირო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჭოროხი პატარა წყაროსავით იქნება.

„ტაო-კლარჯეთში მდებარე ჩვენს მთავარ ტაძრებს დატბორვა არ ემუქრებათ იმის გამო, რომ, საბედნიეროდ, ჩვენი ტაძრები მაღალ ადგილებზეა განლაგებული. ოთხთას და პარხალის ტაძრებამდე წყალი ვერ აღწევს. უბრალოდ, შეიძლება ტურისტების მისვლა გაძნელდეს, რადგან იქამდე მისასვლელი ავტოგზა იტბორება. თუმცა ქვედა ტერიტორიებზე მდებარე ჩვენი ძეგლები დაიტბორება. თავის დროზე ამის შესახებ საქართველოს მთავრობა არ გაუფრთხილებიათ. შემდეგ, როცა საქართველოს მხრიდან აღიძრა ეს საკითხი და განხილვა შესთავაზეს, აღმოჩნდა, რომ თურქებს კაშხლის ასაშენებლად ძალიან დიდი პროექტი ჰქონდათ, ჯერ სირიისკენ აშენდა უზარმაზარი კაშხლები და ამიტომაც სირიის სოფლის მეურნეობამ დიდი ზარალი განიცადა. იგივე ხდება იუსუფელის კაშხალთან მიმართებითაც, მაგრამ საქართველოში მაინდამაინც დიდი ნათესები არ არის, როგორც სირიას მიადგა ზიანი. ფაქტია, ქართული ძეგლებისკენ მისასვლელი გზები რამდენიმე ადგილას წყლით იფარება“, - აცხადებს ზაურ მჭედლიშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, იუნესკო თითქმის არ ჩარეულა ამ საქმეში. თურქეთს თავისი გეგმები აქვს, თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტი მაინცდამაინც არავის უსმენს, ძირითადად შეერთებულ შტატებს უგდებს ყურს, რადგან მაინც ნატოს წევრი ქვეყანაა. თუ არსებობს დღეს თურქეთის შეიარაღება და მისი სიძლიერე, ყველაფერი შეერთებული შტატების ძალისხმევითაა და მისი მადლიერი უნდა იყოს თურქეთი. ამ კაშხლის საწინააღმდეგოდ იუნესკოს თავის დროზე რომც ემოქმედა და შენიშვნა მიეცა, რომ იფარება ქართული ისტორიული ძეგლები, თურქეთის დღევანდელი მთავრობა ამას დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა.

„კაშხლების 9 კასკადი იქმნება ჭოროხზე, რაც ოთხთასა და პარხალამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ შეიძლება ართვინის ქვემოთ მდებარე ჩვენი ერთ-ერთი ტაძარი დაფაროს. 300-მდე ქართული სალოცავი და ისტორიული ძეგლია იმ ტერიტორიაზე, მაგრამ მათგან ტურისტულ ზონაში შესულია რამდენიმე ძეგლი. სხვათა შორის, იმავე ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ აგებული დიდი მეჩეთიც იტბორება. იშხანი რომ აღადგინა თურქეთმა თავისი ხარჯით, ქართული მხარეც იყო ჩართული ამ საქმეში. ლაპარაკი იყო ოშკის რესტავრაციაზეც, ხანძთაზეც, რომელიც თითქმის დანგრეულია და მოშლილი აქვს სახურავი. ალბათ, შეიძლებოდა საქართველოს მხარეს მეტი ძალისხმევა გამოეჩინა თავისი ინტერესების დაცვის მიზნით. მართალია, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ცნობს, რომ ეს ძეგლები ისტორიულად ქართულია, მაგრამ რადგან თურქეთის ახლანდელ ტერიტორიაზეა, ეს ძეგლები თურქეთის საკუთრებაში გადადის“, - აცხადებს ზაურ მჭედლიშვილი.

ყოფილი დიპლომატი იხსენებს, რომ 2010 წელს, როდესაც ევროკავშირში შესვლის შანსი კიდევ ჰქონდა თურქეთს, ევროკავშირის მოწოდებით, ამ ქვეყანამ ისტორიული ძეგლების პატრონებისადმი გადაცემა განახორციელა. სომხეთს დაუბრუნდა თავისი ეკლესიები და ეკლესიების გარშემო ტერიტორიები, ბერძნებს, სირიელ ქრისტიანებსაც დაუბრუნდათ ეკლესიები, ოღონდ საქართველოს არ დაბრუნებია ქართული ეკლესიები, რადგან ისინი თურქეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება. მაშინ რომ გამოეჩინა ევროკავშირს თავისი ნება და მიეთითებინა თურქეთისთვის, რომ იქ ქართული ტაძრებიცაა, შეიძლებოდა ქართული ტაძრები დაგვბრუნებოდა. თუმცა, როგორც წესი, ჩვენი მთავრობები თურქეთთან მიმართებით პრინციპულად ვერ იქცევიან. ენაწყლიანობით, მელიის ეშმაკობით შეიძლებოდა რაღაცის მიღწევა, მაგრამ მოხდა ისე, რომ არც ერთი ქართული ძეგლი ქართულ ეკლესიას არ გადმოსცემია.

ზაურ მჭედლიშვილი ეხმიანება იმ მოსაზრებასაც, რომლის მიხედვითაც, ცალკეული ადამიანები ფიქრობენ, ხომ არ ჯობდა, ქართული ძეგლები ან ფრესკები სხვა ადგილას გადაგვეტანა, სადაც მათ დატბორვა არ დაემუქრება. ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამით ჩვენი ძეგლები დაკარგავენ თავიანთ ღირსებას, ტაო-კლარჯეთის ლანდშაფტს, სადაც ისტორიულად იყო აშენებული ჩვენი ეკლესიები. თანაც, ამას საკმაოდ დიდი ხარჯები დასჭირდება.

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლები მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის, ის ეკუთვნის, ასევე, თურქეთის რესპუბლიკასაც, რადგან დღევანდელ დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და მსოფლიოს საკუთრებაში არსებული ძეგლებია. ამიტომ კომპრომისი უნდა გამოინახოს.

„გასაგებია, რომ თურქეთს კაშხალი და ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ძეგლების გადარჩენა აუცილებელია. ან უნდა მოხდეს ამ ძეგლების გადატანა, ან დაცვა, ან რაღაც კომპრომისი. სხვათა შორის, ფრესკებიც მოუხსნიათ და ჩამოუტანიათ მუზეუმში, მაგალითად, კუს ტბაზე რომ სვანური კოშკია, ის სვანეთიდანაა ჩამოტანილი, დაშლილი და შემდეგ ზუსტად ისევე აწყობილი. საქართველოშიც არის მეჩეთი და მუსლიმანური წარმართული ძეგლები, ისინი ჩვენს ძეგლებად ითვლება და არა თურქეთის ან სპარსეთის ძეგლად. ასევე უნდა იყოს თურქეთისთვის პარხალი და ოშკი. ჩვენ ვიცავთ მათ ძეგლებს. ჯერ ერთი, იმ ხალხის შთამომავლები, რომლებიც ტაოსა და კლარჯეთში ცხოვრობენ, თურქეთის მოქალაქეები არიან. საქართველოს მსგავსად, თურქეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა, იქ ლაზები ცხოვრობენ, ანუ ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი, ქართველები ცხოვრობენ და ათასი ეთნიკური ჯგუფი. ეს ძეგლი მათიცაა“, -გვიცხადებს ლევან აბაშიძე.

მისივე თქმით, ოსმალური კულტურის თუ რამეა სამცხესა და ახალციხეში, ეს ჩვენი ძეგლიცაა და ჩვენს ინტერესშია მათი დაცვა. ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს თურქეთთან. ჟინვალის ჰესს რომ აშენებდნენ, პიონერთა სასახლიდან დადიოდნენ არქეოლოგები და რაც იქ გასათხრელი იყო, ყველაფერს სწავლობდნენ, სანამ დაიტბორებოდა ეკლესიები.

შედის თუ არა დასატბორად განწირული ტაო-კლარჯეთის ძეგლები იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში, ლევან აბაშიძე ვერ აკონკრეტებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ თურქებთან საჭიროა დიალოგი, მოლაპარაკება. აქ არ უნდა იყოს მიდგომა, ეს ჩვენი ძეგლია და თქვენ რატომ გვიტბორავთ, მიდგომა უნდა იყოს, რომ ეს თქვენი ძეგლიცაა, თქვენი სიამაყეა, თქვენი ტურიზმია, მომლოცველები სწორედ თქვენთან ჩამოდიან ამ ძეგლების მოსალოცად, ანუ ეს მსოფლიო ძეგლია.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე ფიქრობს, რომ ქართველები მაინცდამაინც დიდად არ ვართ განებივრებულნი ქართული ისტორიული ძეგლების სრულყოფილად შენახვით. ძველ საუკუნეებში ჩვენ ისეთი მტრები გვყავდა, ძირფესვიანად გვანგრევდნენ, საერო სასახლეებიც კი თითქმის არ არის შემონახული საქართველოში. მაშინ, როცა ევროპაში ქვეყნები ერთმანეთს თავს რომ ესხმოდნენ, საერო მნიშვნელობის ძეგლებსაც კი არ ანგრევდნენ, არ წვავდნენ, მიწასთან არ ასწორებდნენ, რელიგიური მნიშვნელობის ძეგლებზე რომ არაფერი ვთქვათ.

„ამ მხრივ ჩვენ ყველაზე დაჩაგრული ისტორია გვაქვს. ტაო-კლარჯეთთან მიმართებით ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი ხდება. ალბათ, ამაში ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების ხმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერაფერს ვერ უშველის, თუ სახელმწიფო და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები არ ჩაერივნენ. გვიან არის უკვე, ისიც არ ვიცი, შეიძლება თუ არა რამის შეცვლა. შეიძლება შეძლოს კიდეც ჩვენმა სახელმწიფომ რაიმეს შეცვლა, შეიძლება ვერც შეძლოს, მაგრამ ჩარევით აუცილებლად უნდა ჩაერიოს“, - გვითხრა ისტორიკოსმა.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თავის დროზე უნდა დაეფიქსირებინა ქართულ მხარეს უკმაყოფილება ტაო-კლარჯეთის ძეგლების დასაცავად, თუმცა რამეს შეცვლიდა თუ არა ქართული მხარე, ამის თქმა რთულია. დავით ჭიჭინაძის თქმით, ჭოროხის აუზში არსებული ჰესები უკვე პრობლემას უქმნის შავი ზღვის სანაპირო ზოლს, კუმულაციურად თუ ვიტყვით, ფაქტობრივად, ნატანი სანაპიროზე აღარ ჩადის და ხელოვნური ჩარევა სჭირდება, რაც ძვირადღირებული სიამოვნებაა.

არმენოლოგი ბონდო არველაძე მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე საქართველოს ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშაა, ეს იგივეა, საქართველოს ისტორია წაშალონ და გააუბედურონ. ამიტომ, თუ რამე საშუალებაა, ჩვენმა მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს და იუნესკო, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა აამოქმედონ.