ნიდერლანდებში მაჩვების მიერ გათხრილი მიწის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაჩვები მიწას პირდაპირ ლიანდაგების ქვეშ თხრიან, რის გამოც სარკინიგზო გზის ჩანგრევის საშიშროება იზრდება. შედეგად, ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში, ზოგ მარშრუტზე მოძრაობა სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებულია.
პრობლემას ის გარემოებაც ართულებს, რომ მაჩვები ნიდერლანდებში დაცული სახეობაა. ამიტომ სპეციალისტებს ბევრი დრო დასჭირდებათ, რადგან ცხოველების სხვა ლოკაციაზე გადასაყვანად ან მათი ბინადრობის არეალის შესაცვლელად ნებართვაა საჭირო. ამ ეტაპზე სარკინიგზო კომპანიაში ქვიშის გორაკის დაყრას გეგმავენ იქ, სადაც მაჩვები სოროების გათხრას შეძლებენ.