თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი არსებობს, მას ჯერ არ მივახლოებივართ — კვლევა

თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი არსებობს, მას ჯერ არ მივახლოებივართ — კვლევა

აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღვარი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ თუ ასეთი მიჯნა მართლაც არსებობს, მას ჯერ კაცობრიობა არ მიახლოებია.

ისტორიის განმავლობაში ამ საკითხის შესახებ მოსაზრება მუდმივად იცვლებოდა, მაგალითად, გვიან ბრინჯაოს ხანაში მცხოვრებ ებრაელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანს მაქსიმუმ 80 წელი შეიძლებოდა, ეცოცხლა. 1000 წლის შემდეგ კი რომაელები ზედა ზღვრად 100 წელს ასახელებდნენ. თანამედროვე მსოფლიოში, სამედიცინო მიღწევებისა და გაუმჯობესებული სოციალური პირობების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა. ხნიერების ამჟამინდელი რეკორდი 122 წელია, სწორედ ამ ასაკის იყო ფრანგი ჟანა კალმანი, რომელიც 1997 წელს დაიღუპა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მას პირველობა სხვამ ჩამოართვას.

სამხრეთ ფლორიდისა და ჯორჯიის უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა19 ინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში მცხოვრები, 50-დან 100 წლამდე ასაკის ადამიანთა ისტორიული და ახლანდელი მონაცემები სიღრმისეულად შეისწავლეს. მათი მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენადაა სიცოცხლის მზარდი ხანგრძლივობა სწორხაზოვანი, ანუ ვუახლოვდებით თუ არა ზედა ზღვარს.

სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ავტორთა თქმით, ხნიერების რეკორდის გაუმჯობესებას 1930-იან ან 1940-იან წლებში დაბადებული ინდივიდებისგან უნდა ველოდოთ, რომელთა ჯანმრთელობაც პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობითაა გარანტირებული. მეცნიერები ამბობენ, რომ მოწინავე ადგილზე იაპონელი ქალები არიან.

მათი დაკვირვებით, დაახლოებით 1900-1950 წლებს შორის პერიოდში დაბადებულ ადამიანებში უპრეცედენტოდ გვიანი სიკვდილიანობა ფიქსირდება. როდესაც ეს პოპულაცია საკმარის ხნიერებას მიაღწევს, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ასაკი შეიძლება მივიჩნიოთ მიჯნად, ზოგი ადამიანი კი მსგავსი ზღვრის არსებობას არც აღიარებს და სჯერა, რომ მომავალში უკვდავებას მივაღწევთ. ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.