უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია ის, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, ამასთან დაკავშირებით, კი ფრანგული მედია ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
ფრანგული გამოცემის, Foot Mercato-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ახალი ხელფასი კი 2.5 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით 4 მილიონამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩადებული არ იქნება. ეს გადაწყვეტილება ნეაპოლურმა კლუბმა იმიტომ მიიღო, რომ მედიაში არაერთი ინფორმაცია დაიწერა ევროპული გუნდების დაინტერესების შესახებ. თუ „ნაპოლი“ მის ტრანსფერს გადაწყვეტს, ეს 2024 წლიდან მოხდება, სატრანსფერო თანხა კი 100 მილიონზე ნაკლები არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.