არგენტინამ კურასაო გაანადგურა, ლეო მესიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა

არგენტინამ კურასაო გაანადგურა, ლეო მესიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა

დღეს ღამით არგენტინის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კურასაოს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა, ლეო მესიმ კი შეხვედრის პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ანგარიში მე-20 წუთზე სწორედ მესიმ გახსნა. 3 წუთში ნიკო გონსალესმა სხვაობა ორბურთიანი გახადა. 33-ე წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა, 2 წუთში კი ენცო ფერნანდესმაც გამოიჩინა თავი. „ჩელსის“ ფეხბურთელს საგოლე პასი სწორედ მესიმ გაუკეთა. კიდევ 2 წუთში კი თავისი მესამე გოლიც გაიტანა და პირველ ტაიმში ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა - 5:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმი ცვლილებებით დაიწყო და „ალბისელესტემაც“ მეტოქეზე ზეწოლა შესამჩნევად შეამცირა. მე-6 გოლი 78-ე წუთზე ანხელ დი მარიამ პენალტით, მატჩის ბოლო გოლი კი გონსალო მონტიელმა 87-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, არგენტინამ შეხვედრა 7:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ არგენტინის მაისურით მე-100, 101-ე და 102-ე გოლები გაიტანა, რითაც მესამე ფეხბურთელი გახდა კრიშტიანუ რონალდუსა და ალი დაეის შემდგომ, რომელსაც სანაკრებო დონეზე 100 გოლი აქვს გატანილი. ასევე ეს ლეო მესის კარიერაში რიგით 57-ე ჰეთ-თრიქი იყო.