საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნორვეგიასთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნა, მეორე ტაიმი კარგი იყო და ყველა გუნდის წინააღმდეგ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ.
„პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბიჭებიც ძალიან მონატრებულები ვიყავით ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. შედეგი ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა კმაყოფილები არ ვართ, რადგან ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველი ტაიმისგან განსხვავებით. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერია შესაძლებელი, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც დღეს გავაკეთეთ მეორე ტაიმში და აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ნორვეგიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.