ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას კანადის ელიტურ საკალათბურთო ლიგაში, „ვანკუვერ ბენდიტსში“ გააგრძელებს.
რუსთავში დაბადებულმა კალათბურთელმა, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, გასული სეზონი NBA-ის G League-ს გუნდში, „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსში“ გაატარა, სადაც საშუალოდ 23.6 წუთში 9.1 ქულას, 5.5 მოხსნას და 2.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ცოტა ხნის წინ მან, „ვესტჩესტერ ნიქსის“ წინააღმდეგ 30-ქულიანი თამაში ჩაატარა.
ქართველი კალათურთელი კანადაში უკვე მეორედ ითამაშებს. პირველად ის „გუელფ ნაითჰოუქსის“ ღირსებას იცავდა 2022 წელს, სადაც საშუალოდ 15 ქულას აგროვებდა.
„გიორგი განსაკუთრებული მოთამაშეა. როდესაც პირველად მისი თამაში ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩვენი სტილის იყო. გიორგის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება თავისი მრავალფეროვნებით და მონდომებით წინ გაგვიძღვეს და მე ძალიან ველოდები მასთან მუშაობის დაწყებას“ - განაცხადა „ბენდიტსი“ მთავარმა მწვრთნელმა და გენერალურმა მენეჯერმა კაილ ჯულიუსმა.
„ვანკუვერ ბენდიტსი“ ახალ სეზონს 27 მაისს, „ვინიპეგ სი ბეარსის“ წინააღმდეგ დაიწყებს, საკუთარ მოედანზე კი გუნდი პირველ მატჩს 3 ივნისს, „კალგარი სერჯის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.