ცოტა ხნის წინ ქალაქ ლივერპულის მერიამ ჯგუფი “The Beatles”-ის ყოფილ მედოლე პიტ ბესტს ღვაწლი დაუფასა. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ექს-ბითლზის სახელი ეწოდა. ამჯერად ამ ტრასას “Pete Best Drive” ერქმევა.
ლივერპულის კიდევ ერთ ქუჩას, წინა საუკუნის 60-იან წლებში ცნობილი კლუბი “კასბას” სახელი მიენიჭა. ამ კლუბში თავის დროზე “The Beatles”-ის კონცერტები იმართებოდა. ეს დაწესებულება პიტ ბესტის დედა მონა ბესტს ეკუთვნოდა.
„ძალიან გახარებული გახლავართ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ მშობლიური ქალაქი ასეთ შესანიშნავ საჩუქარს გამიკეთებდა” – ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პიტ ბესტმა.
პიტ ბესტი ლეგენდარულ ჯგუფს 1960 წლის აგვისტოში შეუერთდა. “The Beatles” გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ხანგრძლივი დროით გასამგზავრებლად ემზადებოდა და მედოლე სასწრაფოდ სჭირდებოდათ. გერმანიაში ჯგუფი 1962 წლის აგვისტომდე დარჩა.
ლივერპულში დაბრუნების შემდეგ პიტ ბესტი მუსიკალურ მოღვაწეობას ჯგუფთან ერთად აგრძელებდა, მაგრამ ხმის ჩამწერ სტუდია “Parlophone”-სთან კონტრაქტის გაფორმების წინ ის უცერემონიოდ დაითხოვეს.
“The Beatles”-ის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი პიტ ბესტს სახლში ეწვია და ჯგუფიდან დათხოვნის ინფორმაცია პირადად შეატყობინა. პოლი, ჯორჯი და ჯონი მეგობარს ამის შემდეგ საერთოდ არ შეხმიანებიან.
პიტ ბესტის ნაცვლად ჯგუფში რინგო სტარი აიყვანეს, რომელიც იმ ხანად რორი სტორმის ჯგუფში გამოდიოდა. “The Beatles”-ის წევრებმა რინგო ჰამბურგში ყოფნისას გაიცნეს და დაუახლოვდნენ.
პიტ ბესტი ლივერპულში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ მისი ჯგუფიდან ჩამოცილებამ ქალაქში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რინგო სტარს ბესტის თაყვანისმცემლები რამდენიმე წლის განმავლობაში სიკვდილითაც კი ემუქრებოდნენ.
პიტ ბესტის ჯგუფიდან გაშვების რამდენიმე ვერსია არსებობდა. პირველი იმაში მდგომარეობდა, რომ ხმის ჩამწერი სტუდია “EMI”-ის პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა ბესტი დაიწუნა და მისი შემცვლელის გამოძებნა მოითხოვა. ყოველივე ამას ჯორჯ მარტინი სასტიკად უარობდა.
სიმართლეს ალბათ უფრო მეორე ვერსია შეეფერება. “The Beatles”-ის წევრებმა უფრო კვალიფიციური მედოლე არჩიეს და არჩევანი რინგო სტარზე შეაჩერეს.
ჯგუფიდან ჩამოცილების შემდეგ პიტ ბესტმა არაერთი სამუშაო ადგილი გამოიცვალა, შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი “The Pete Best” ჩამოაყალიბა.