დიღმის ძმათა სასაფლაო ის ადგილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეწირული შინმოუსვლელ მებრძოლთა „სახლად“ ქცეულა. ერთ დროს დანაგვიანებულ ტერიტორიას შაოსანმა დედებმა მოუარეს და გმირებისთვის ღირსეულ განსასვენებლად აქციეს. მათ დღეს ერთადერთი ოცნება აქვთ - სასაფლაოზე ხეები დარგონ და კიდევ უფრო მეტად გაალამაზონ იქაურობა, რომელიც კიდევ ელის აფხაზეთში დაღუპული ბიჭების ნეშტებს.
როგორი იყო პოლიტიკა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლთა მიმართ სააკაშვილის დროს და რა შეიცვალა ამ კუთხით - ამის შესახ ებ for.ge-ს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის კონსულტანტი ალიბაბა ჩადუნელი ესაუბრა.
სააკაშვილის პერიოდში ღირსებას ულახავდნენ სამხედროებს, ომის ვეტერანებს. საკმარისია მხოლოდ ერთი ფაქტი გავიხსენოთ, თუ როგორ დაარბია სააკაშვილის რეჟიმმა გმირთა მოედანზე შეკრებილი ვეტერანები, რომლებიც ერთადერთს -სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, დარბევის შემდეგ კი „გამარჯვებულმა მთავარსარდალმა“ ესკორტით ჩაუქროლა დარბეულ მებრძოლებს... დღეს სახელმწიფო ცდილობს, დაეხმაროს ნაომარ ადამიანებს, გაზარდოს მათი სოციალური დახმარება, თუმცა ამ ადამიანების ვალს სახელმწიფო ვერასდროს გადაიხდის. რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა სახელმწიფომ ომის ვეტერანებისთვის?
- ბიჭები რომ სცემეს გმირთა მოედანზე, ამერიკის ელჩი ჩაერია ამ საქმეში. ელჩმა მკაცრად კითხა, რატომ დაარბიეთ ომის ვეტერანებიო, სააკაშვილმა უპასუხა, სველი წერტილები არ არის გმირთა მოედანზეო. ეს იყო დაცინვა. ნარკომანებს რომ ეძახდნენ ნაომარ ბიჭებს, ერთი მითხარით, რომელი იყო ნარკომანი? ბელა ზალდასტანიშვილს, რომელსაც ბელა დეიდას ვეძახი, რადგან ყველა ვეტერანს პატრონობს, ოთხი შვილი ჰყავს დაღუპული აფხაზეთის ომის დროს, ჩვენი უშიშროების 11 თანამშრომელი დაიღუპა იმ თვითმფრინავში. ამ ვაჟკაცებთან ერთად ბევრჯერ ვყოფილვარ საბრძოლო ოპერაციაზე, თერთმეტივე იყო ავთო იოსელიანის ბიჭები, საუკეთესო ადამიანები. თვითონ ბელა ზალდასტანიშვილი ჰოსპიტალში მოხვედრილ ბიჭებს ეხმარებოდა, მერე მე მაძლევდა ფულს მათ დასახმარებლად.
სააკაშვილის დამოკიდებულება ომის ვეტერანების მიმართ ყველასათვის ცნობილია, თუმცა ერთი რამ მინდა აღვნიშნო: პერიოდულად ჩავდიოდი მოლაპარაკებებზე აფხაზებთან და აფხაზებმა წამოაყენეს პირობა - ბესო ჯოგუა რომელიც ქართველებს ჰყავდათ დაკავებული, მათთვის გადაგვეცა. ცხონებულმა ქიშმარიამ გვითხრა, ბესო ჯოგუას თუ გაათავისუფლებთ, გვერდში დაგიდგებითო. ვუპასუხე, ყველაფერს გავარკვევ-თქო და თბილისში ჩამოვედი. ვიფიქრე, ვისთან უნდა მივსულიყავი. ბატონ ნიკა რურუას ძალიან კარგად ვიცნობდი, სხვასთან ვერ მივიდოდი, დავურეკე ნიკას, მიმიღო, ვისაუბრეთ და ავუხსენი, რომ ბესო ჯოგუა თუ არ გათავისუფლდებოდა, ვერაფერს მოვახერხებდით. მეორე დღის ორ საათზე ბესო ჯოგუა იყო ენგურის ხიდზე და გადავეცით აფხაზებს. ამდენად, ნიკა რურუას სიკეთეს ვერ დავუკარგავ, ის სხვა პიროვნება იყო.
დიღმის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მეომრები. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება კვლავაც გრძელდება და მათ დაკრძალვასაც ამ სასაფლაოზე აპირებთ?
- იქ მუზეუმიც იყო, საყდარიც, მერე უგულავამ დიღმის ძმათა სასაფლაოს ტერიტორია ერთ ლარად გადასცა ვინმე ჩიქოვანს, რომელსაც მეუღლე ჰყავდა დაღუპული, ჩიქოვანი შეეცადა ბეტონი ჩაესხა და ძმათა სასაფლაოზე ღობე ჩაჭრა. მერე მოვკიდეთ ხელი ამ ადამიანს და მივუყვანეთ ავთო იოსელიანს. როგორ გაბედა ასეთი რამ, სასაფლაოს რომ შეეხო! ჩიქოვანმა შემოგვთავაზა, ეკლესიას აგიშენებთო, მშობლები დათანხმდნენ, მაგრამ ტერიტორია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის საკუთრება იყო. უგულავა რომ დაინიშნა მერად, ჩიქოვანმა, ალბათ, მოახერხა მასთან საერთო ენის გამონახვა. უგულავამაც 1 ლარად მაშინ გადასცა ტერიტორია და შუაზე გაჭრა გზა. ფაქტობრივად, გაყვეს ეს ტერიტორია, მოგვიანებით ვანო ზოდელავამ დაიწყო ეკლესიის მშენებლობა, იქ არაფერი არ იყო, გარდა რესტორანისა. იმ რესტორანში 150 ათასი დოლარი გადაიხადეს. იქ ორი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც სახელმწიფომ ბინები უყიდა. ამ ყველაფერს ავთო იოსელიანი ხელმძღვანელობდა. ნარკომანები იყვნენ ეს ბიჭები?! გულანთებული ქართველები იყვნენ და თავი შესწირეს სამშობლოს. ბელა დეიდა ვახსენე... ქალბატონმა ბელამ დაურეკა დავით ნარმანიას. გოგი ფაცაცია და დავით ნარმანია ავიდნენ ძმათა სასაფლაოზე, ნარმანიამ გვითხრა, დაგეხმარებითო, არქიტექტორი წაიყვანა ბელა დეიდამ, ეს ყველაფერი არქიტექტორმა დაგეგმა, გააკეთა, ქვები შეარჩიეს, იმ არქიტექტორს მადლობა უნდა ვუთხრათ, მან ეს ყველაფერი საქართველოსთვის შეწირულ ბიჭებს გაუკეთა, იქ არსად ფული არ დახარჯულა, მხოლოდ ნარმანია იხდიდა მუშის ფულს. ამ სასაფლაოზე აფხაზეთში დაღუპული ასამდე მებრძოლია დაკრძალული. კიდევ ვაპირებთ ბიჭების გადმოსვენებას აფხაზეთიდან. შერიგების სამინისტროც მუშაობს, ქალბატონი თეა ახვლედიანი, გოგი ფაცაცია. იქ მუზეუმიცაა, რომელიც დაღუპულთა მშობლებმა გააკეთეს.
რამდენი მებრძოლია კიდევ გადმოსასვენებელი?
- ძალიან ბევრი. საუბარია 600-მდე ჩვენს მეომარზე, რომლებიც აფხაზეთიდან იყვნენ, 400-ზე მეტი მეომარი კი საქართველოს დანარჩენი კუთხეებიდან იყო. ვმუშაობთ ამ თემაზე, პერიოდულად გადმოვასვენებთ ხოლმე ბიჭებს, შერიგების სამინისტროში ყველა თანამშრომელი დაინტერესებულია, რომ დაკარგული ბიჭები ვიპოვოთ.
იმის გამო, რომ სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილი უსამართლოდ გასხვისდა, პრობლემებს ხომ არ გიქმნიან მებრძოლების დაკრძალვის საქმეში?
- პრობლემა ისაა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გარდა იქ არავინ არ უნდა დაიკრძალოს. ეს ტერიტორია მათთვისაა გამოყოფილი. ამას შერიგების სამინისტროც არ დაუშვებს. ვისაც ამ ტერიტორიის მიმართ პრეტენზია აქვს, ყველამ თავი დაგვანებოს! ჩვენ სამინისტროს ავუხსენით, რომ ასეთი რამ არ შეიძლება და არ დავუშვებთ. სხვათა შორის, აფხაზეთში ძალიან კარგად გააკეთეს „დიდების პარკი“, არავისი არაფერი შემშურებია, მაგრამ აფხაზების მართლაც ეგ ერთი რამ მეხარბება, ხშირად მიწევს აფხაზეთში ჩასვლა. როდესაც ქორწილია გუდაუთაში ან გაგრაში, ყველანი მიდიან „დიდების პარკში“, ყვავილები მიაქვთ და ფიცს დებენ. ჩვენთან ბევრმა ისიც არ იცის, რომ დიღმის ძმათა სასაფლაო არსებობს. რეკლამა არ გვჭირდება, ყველაფერს უხმოდ ვაკეთებთ. ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია, ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ვერავინ ხელში ვერ ჩაიგდებს ამ ტერიტორიას, ეგ წმინდა ადგილია, „ჰერმესი“ უვლის, კარგად არის მოვლილი.
აფხაზებთან მოლაპარაკების შესახებ აღნიშნეთ. საქართველოს მიმართ მათი ინტერესი როგორია?
- ეგ პოლიტიკაა და პოლიტიკაში არ ვერევი, მე 1996 წლიდან ვეძებ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. ვეტერანთა დეპარტამენტი ჩვენს გვერდითაა, უხმოდ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, არ გვჭირდება ჩინ-მედლები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: სააკაშვილის დროს ყველაფერი ჩამოართვეს ნაომარ ბიჭებს, არანაირი დახმარება მათ არ ჰქონდათ, ახლა ას ლარს აძლევენ, არის სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები... ბევრი კეთდება ვეტერანებისთვის.
აფხაზეთის ომიდან ყოფილმა ხელისუფლებამ დასკვნა ვერ გამოიტანა. როგორც ომის ვეტერანი, რას ფიქრობთ, რატომ დაიწყო აგვისტოს ომი?
- ცხინვალში რეკლამის გასაკეთებლად შევიდნენ. ყველა ომში ვმონაწილეობდი, მათ შორის, აგვისტოს ომშიც, მე-19 ბატალიონის ოფიცერი ვიყავი, ეს ძლიერი ბატალიონი იყო. სამწუხაროდ, პრობლემები ექმნებათ ბიჭებს, ვინც მონაწილეობდა ამ ომში და არ აძლევენ სტატუსს. არადა, ომში რომ იყვნენ, ეს ნამდვილად ვიცი. როდესაც ომი დაიწყო და ვიკრიბებოდით, იმ დღეს ერთ-ერთ მათგანს შვილიც შეეძინა, მაგრამ მაინც წამოვიდა საომრად. აგვისტოს ომში ხალხი მიტოვებული იყო, ჯარისკაცს არ ჰყავდა მეთაური.
***
For.ge დაუკავშირდა ბელა წიკლაურ-ზალდასტანიშვილსაც, რომლის ოთხი ვაჟიც შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბელა ზალდასტანიშვილის თქმით, კობა კობალაძე მათ შეპირდა, რომ გაზაფხულზე დარგავენ ხეებს და გაალამაზებენ ძმათა სასაფლაოს.
„ამ სასაფლაოს გალამაზებაა ჩემი ოცნება. ჩემი შვილები აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, უშიშროებაში მუშაობდნენ, დაზვერვაში იყვნენ, დღესაც მათი სურათები, უშიშროების სამსახური რომ არის ჩიტაძის ქუჩაზე, იქ არის გამოკრული. ჩემი ბიჭები ამბობდნენ, გაყიდულიაო აფხაზეთი. ვეუბნებოდი, თუ გაყიდულია, სადღა მიდიხართ-თქო. რად გამიმწარეს სიცოცხლე და დამტოვეს უპატრონოდ?!“ - აცხადებს გმირი მებრძოლების დედა.
სამი თვითმფრინავი გაფრინდა იმ დღეს აფხაზეთში, პირველი გაფრინდა და დაეშვა, მეორე თვითმფრინავში ბელა ზალდასტანიშვილის ვაჟები ისხდნენ. ამ თვითმფრინავს ზღვიდან ესროლეს რაკეტა, ჯგუფის ყველა წევრი დაიღუპა, სულ 11 კაცი, მათ შორის ბელა ზალდასტანიშვილის ოთხი ვაჟი. მესამე თვითმფრინავის ეკიპაჟმა ხომალდი ქუთაისში დასვა. ზალდასტანიშვილები ოთხივე ერთად დაღუპული იპოვეს, პირველად 2014 წელს გადმოასვენეს. ისინი დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.
ბელა ზალდასტანიშვილის თქმით, აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესში ამჟამად გოგი ფაცაციაა ჩართული. როგორც ბელა ზალდასტანიშვილი ამბობს, აფხაზეთში თვითონაც რამდენჯერმე იმყოფებოდა და შაოსან დედებს და იქაური მთავრობის წევრებს შეხვედრია, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზების ძებნაში დახმარებას თხოვდნენ,
„ჩვენს ტერიტორიაზე რომ ყოფილიყვნენ, მოვაძებნინებდით, მაგრამ აფხაზეთის ახლანდელ ტერიტორიაზე მათი ადგილსამყოფელი არ ვიცოდით. შემდეგ დაგვეხმარნენ ჩვენი ვეტერანები, ვინც ცოცხალი იყო, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მათი დახმარებით დახვრეტილი და დაღუპული აფხაზი ბიჭების დაკრძალვის ადგილები აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ დაიწყო გაცვლა“, - ამბობს ბელა ზალდასტანიშვილი.
რაც შეეხება დიღმის ძმათა სასაფლაოს, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი არ იყო ასეთი დაბინძურებული და დანაგვიანებული სასაფლაო, როგორც დიღომში, თუმცა შავოსანი დედები ადიოდნენ, ასუფთავებდნენ აწესრიგებდნენ... შვილმკვდარი დედა იმასაც იხსენებს, რომ სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებდა მათი დაღუპული შვილები, მისთვის ნამდვილი ომი მხოლოდ 2008 წლის ომი იყო, აფხაზეთში კი, თურმე, ნარკომანები მიდიოდნენ.
„მაგ არაკაცს წერილი დავუწერე, ნარკომანი და მყნოსველი შენ ხარ-თქო. სააკაშვილმა გმირთა მოედანზე მემორიალი რომ დადგა, 2008 წლის ომის დროს დაღუპული ბიჭების გვარები მიაწერა, მერე განაცხადა, კიდევ არის ადგილი დარჩენილიო. ვუთხარი, შენ კიდევ აპირებ რამეს, ხომ უკვე გაანადგურე მთელი ახალგაზრდობა, მაგ დარჩენილ ადგილას თქვენი გვარები შეიტანეთ-მეთქი. ამის შემდეგ დამირეკეს, პასპორტში ბელას ნაცვლად სახელად მიწერია გიული, მაგრამ ეს სახელი არავინ იცის, დამირეკეს, გიული ხარო და მაგინეს, შვილიშვილებს გაუფრთხილდიო. ნინო ბურჯანაძეს ვაცნობე ეს ამბავი, ნინო ბურჯანაძემ კი მათ უთხრა, ამ ქალბატონს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, მიწიდან ამოგთხრითო.
ვეტერანების ცხოვრება ცხოვრება არ არის! მით უმეტეს, სააკაშვილის დროს რა ცხოვრება ჰქონდათ?!
როდესაც სააკაშვილმა გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა კედელი გახსნა, გახარებული შავოსანი დედები წავედით, გვინდოდა ამ გარეწარი კაცისთვის მადლობა გვეთქვა. მალევე გვითხრეს, წადითო. ამის მიუხედავად 4-5 საათი ფეხი არ მოგვიცვლია. შემდეგ დიდი მანქანით პოლიცია მოიყვანეს და დაიწყო ჩვენი დარბევა. წადითო, - მოგვიწოდებდნენ და გვაწვებოდნენ. რამდენიმე წაიქცა კიდეც.
ვუთხარი, მანქანას შევუვარდები, ხელი რომ მომკიდოთ-თქო. ვაქტიურობდი, ნანუკა ჟორჟოლიანმა მითხრა, წამოდი, სააკაშვილს შეგახვედრებო, მაგრამ მომატყუა. მოვიდნენ პატრულის მანქანები, შაოსანი დედები ძალით ჩატენეს მანქანებში და წაიყვანეს, დედები გადაირივნენ, მეზობლებმა რომ დაგვინახონ პატრულის მანქანებში, რას იტყვიანო. არ ვიცი, რისი ეშინოდა სააკაშვილს - ავაფეთქებდით თუ რა?! აფხაზეთის ომი თურმე ომი არ ყოფილა, თურმე ომი იყო მხოლოდ 2008 წლის ომი. პატრიარქი რომ არა, აგვისტოს ომში მებრძოლი ბიჭების ნეშტებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა. აფხაზეთის ომის დროს ვაჟკაცი ბიჭების ნაწილი დაიღუპა, ცოცხლად დარჩენილი ვეტერანები კი დააბეჩავეს. ახლა სააკაშვილი ციხეში თავს რომ ისაწყლებს, ჩემი შვილიც რომ იყოს, ვეტყოდი, შენი მეობა შეინარჩუნე. მაგას მთავარსარდალს ვერ ვუწოდებ.
ნიკა გვარამიას მოტრფიალე არ ვარ, რადგან ქართველებს უთხრა, ღვინოში ჩაგიფსამთო. კაცები რომ არ ყოფილიყვნენ აფხაზეთის ომის დროს მიწაში ჩადებულნი, ნიკა გვარამიას თავ-ყბას გაუერთიანებდნენ. ამის მიუხედავად, გვარამიას პატივს ვცემ, რადგან ვაჟკაცურად ზის და მისი ხმა არ ისმის. აბა, სააკაშვილი საწოლში წამოგორებულა, ხან ვითომ წაიქცევა. თუ შვილი უკვდება დედამისს, რა დროს ნაირ-ნაირი შუბა და ბრილიანტებია?! 8 წელიწადი გარეთ არ გავდიოდი. ჩემი შვილები რომ საომრად მიდიოდნენ, გიჟივით ვიყავი, რა ჩაცმა, რა დახურვა?! წელიწადზე მეტია, სააკაშვილი კვდება. ხეს რომ უძახო, გახმი-გახმიო, გახმება. რით ვეღარ მოკვდა, თუ კვდება?! აქედან გამომდინარე, რა სარდალიც იყო, უკვე ყველამ დაინახა“, - ამბობს ბელა ზალდასტანიშვილი.