„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“, ნეაპოლის, გულშემატკივრებისა და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლი ყველა ადგილისგან განსხვავებული და გამორჩეულია.
„მიყვარს სპალეტის მენტალიტეტი, მას არ სჯერა, რომ რაიმე გაკეთებულია, სანამ ნამდვილად არ გაკეთდება. მთელ გასახდელს გადასცა ეს მენტალიტეტი, არავინ ბედავს იმის თქმას, რომ ყველაფერი კარგადაა. ვარჯიშზე ისე ვმუშაობთ, თითქოს ქვედა ლიგაში დაქვეითებისგან თავის დაღწევას ვცდილობთ. ეს არის ამ გუნდის მთავარი საიდუმლო და მენტალიტეტი.
ნეაპოლი ქალაქი არ არის, ქვეყანაა! სხვა ნებისმიერი ადგილისგან განსხვავებული გრძნობები და განცდებია. როდესაც იქ სათამაშოდ მიდიხარ, ხვდები, რატომ რჩებიან მოთამაშეები ამდენი წლის განმავლობაში და წასვლა არ სურთ. გულშემატკივრების სიყვარული წარმოუდგენელია, მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი, იქ მარადონა ნამდვილი კერპია. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს გვიჩვენებს, რომ როდესაც რაღაცას აკეთებ ამ ქალაქისთვის, როდესაც ტიფოზებს აბედნიერებ, ისინი უპირობოდ გიყვარებენ და მხარს გიჭერენ. როდესაც რთული პერიოდი გაქვს, ყოველთვის მაჩვენებენ თავიანთ სიყვარულს, ჩემს სახელს მღერიან. ერთადერთი გზა, რომ მათ სამაგიერო გადავუხადო, მოედნიდან ისინი გავახარო და ყველას ოცნების ახდენაა, რაზეც ამდენი წელია ოცნებობენ და ახლა ეს ჩემი ოცნებაც არის - რომ ჩემპიონები გავხდეთ“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 91 მატჩში 53 გოლი გაიტანა, მათ შორის, 25 მიმდინარე სეზონში.