წინა კვირას რუსულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მახაჩკალის „ანჟის“ მფლობელმა სულეიმან ქერიმოვმა ძვირადღირებული მოთამაშეების გაშვება გადაწყვიტა.
ბატონმა სულეიმანმა ბოლო წლების განმავლობაში გუნდში დიდი ინვესტიცია მოიზიდა მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მოიმკო. წინა სეზონში ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი რუსეთის პირველობაზე მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
რუსეთში ახალი ჩემპიონატი უკვე დაიწყო და „ანჟის“ სუსტი თამაში ტრადიციულად გაგრძელდა. თავდაპირველად ნერვები ჰიდინკს უმტყუნა და ორი კვირის წინ თანამდებობიდან გადადგა.
მწვრთნელი გუუსის წასვლის შემდეგ საქმეში უკვე ქერიმოვი ჩაერთო, რომელმაც ყველა ცნობილი ლეგიონერის გაყიდვა გადაწყვიტა.
დღეს დილით იტალიურმა „Sky Sport Italia” გაავრცელა ცნობა, რომ „ანჟის“ მიმართ გაწეული დიდი დახმარების გამო კამერუნელი სამუელ ეტოო ამ კლუბს სრულიად უსასყიდლოდ დატოვებს.
ადრე ცნობილი იყო რომ მახაჩკალელები ეტოოს სანაცვლოდ სულ რაღაც 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
კულუარული ცნობით, 32 წლის აფრიკელი თავდამსხმელი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. არის ალტერნატიული ვარიანტებიც: მილანის „ინტერი“, „ნაპოლი“ და აშშ-ის „ლოს-ანჯელეს გელექსი“.