გულთბილი შეხვედრა ყოფილ თანაგუნდელებთან და მორიგი კარგი თამაში - მამუკელაშვილი ფორმაშია

გულთბილი შეხვედრა ყოფილ თანაგუნდელებთან და მორიგი კარგი თამაში - მამუკელაშვილი ფორმაშია

სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, მაგრამ იანისისა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში "სან ანტონიო" "ბაქსს" შეხვდა და 36-ქულიანი სხვაობით - 94:130 დამარცხდა.

მოედანზე მისი უშუალო ვიზავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ანტეტოკუმპო გახლდათ.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, "სან ანტონიო" კი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე იმყოფება და წარსული დიდების დაბრუნების მცდელობაშია.

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, რომელმაც მამუკელაშვილი 2 წლის წინ დრაფტზე აიყვანა, ქართველი ფორვარდი სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დრო ისევ სოლიდურად მიიღო. 23 წლის კალათბურთელი პარკეტზე პირველი პერიოდის მე-6 წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიური იყო. "სან ანტონიოში" თავის პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. საქართველოს ნაკრების კალათბ ურთელმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

მამუკელაშვილმა 13-დან 6 სროლა გამოიყენა. მან 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო ხაზთან კი არ დამდგარა.

მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი ვიზავი უმეტესწილად იანისი იყო, რომელიც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამჯერადაც საუკეთესო იყო: ბერძენმა კალათბურთელმა 24 წუთი ითამაშა, თუმცა 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. რაც შეეხება "სან ანტონიოში" საუკეთესოს, სანდროს მსგავსად 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ზაკ კოლისმა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით დევინ ვასელი გახდა.

აღსანიშნავია ის, რომ "მილუოკიმ" 36 ქულიანი სხვაობით მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში "ბაქსისთვის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გამოდგა. ამ შეხვედრაში სანდროს ყოფილი თანაგუნდელებიც და გულშემატკივრებიც თბილად შეხვდნენ.

ქართველის გუნდი პლეი ოფში ვეღარ გავა და გრეგ პოპოვიჩი სეზონში დარჩენილ 9 შეხვედრას, საკუთარი გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წევრებისთვის მაქსიმალური გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს.

მამუკელაშვილსა და მის თანაგუნდელებს 19 გამარჯვების საპირისპიროდ 54 მარცხი აქვთ, შემდეგ შეხვედრას კი 25 მარტს, სტუმრად, "ვაშინგტონ ვიზარდსთან" გამართავს.