ბუფონი:

ბუფონი: "ნაპოლი ოსიმენსა და კვარაცხელიასთან ერთად ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორიც იტალიაში არ უთამაშიათ"

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი Bobo TV-ს ეთერში სტუმრად მიიწვიეს, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის „ნაპოლის“ შესახებაც.

„პარმას“ 45 წლის კარის დარაჯის განცხადებით, ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია და წილისყრაშიც გაუმართლა, რომ იტალიური მეტოქე ერგო.

„სპალეტიმ ჯერ კიდევ „რომაში“ მუშაობის წლებიდან აჩვენა, რომ რაღაც განსხვავებული ჰქონდა. ამბობენ, რომ სეზონის გარკვეულ ეტაპზე მისი გუნდები რელსებიდან გადადიან, მაგრამ ამ ჭორების ნაკლებად მჯერა. სიმართლე ისაა, რომ რასაც წელს ვუყურებ, „ნაპოლი“ იტალიური ფეხბურთისთვის უნიკალური გამოფენაა. საზღვარგარეთ ხედავენ გუნდს, რომელიც სიამოვნებას იღებს და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს, ჩემი აზრით, მეტოქეებში შიშსაც იწვევს.

ღვთიური თავდამსხმელ ოსიმენთან, კვარაცხელიასთან ერთად, ეს არის გუნდი, რომელიც ისეთ თამაშს აჩვენებს, როგორიც იტალიაში არ ყოფილა. რაღაც მსგავსი ალბათ იყო სარის „ნაპოლისგან“, მაგრამ ეს გუნდი უფრო ამაღელვებელია. ისინი ყველა თამაშს მარტივად იგებენ, თუმცა, ცხადია, როდესაც 20-ქულიანი უპირატესობა გაქვს, ეს გეხმარება.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი აზრით წილისყრაში გაუმართლა, რადგან იტალიურ გუნდს შეხვდება. ამიტომ, ამ მატჩს ისე მიუდგება, თითქოს სერია A-ს თამაში იყოს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანთან“ ვითამაშე. მატჩამდე ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ყველა ფეხბურთელს ვიცნობდი. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ შეუძლია ფინალში გასვლა და ბედნიერი ვიქნები“, - თქვა ბუფონმა.