ლუჩანო სპალეტი:

ლუჩანო სპალეტი: "ჩემპიონთა ლიგა "მილანის" სახლია და ობიექტურად ფავორიტია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, წყვილში ფავორიტი „მილანია“ და მხოლოდ ფეხბურთში არაკომპეტენტური პირები ფიქრობენ, რომ „ნაპოლი“ უკვე მომდევნო ეტაპზეა.

„ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ძალიან რთული თამაში იყო. როცა ყველა ამბობს, რომ შენ უკვე მომდევნო ეტაპზე ხარ, ფსიქოლოგიურად არახელსაყრელ მდგომარეობაში გაყენებენ და ჩვენთან ეს უკვე გააკეთეს „აინტრახტთან“ მატჩამდე. თუმცა, ადვილი თამაში სულაც არ იყო. გაგვიხარდა, რომ ეს ბარიერი დავძლიეთ, მენტალურად თავისუფლად ვითამაშეთ, მაგრამ ნეაპოლი და ისეთი გულშემატკივარი, როგორც გვყავს, ბევრად მეტს იმსახურებს.

მერჩივნა, რომ იტალიური მეტოქე არ შეგვხვედროდა. უკვე მოვისმინე მოსაზრებები და მხოლოდ ფეხბურთში არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ ჩვენთვის კარგ წილისყრაზე, რადგან ჩემპიონთა ლიგა „მილანის“ სახლია, მათ ეს ტურნირი შვიდჯერ მოიგეს და „რეალის“ შემდეგ ეს მეორე შედეგია. საკმარისია ვთქვათ, რომ მათ დირექტორ პაოლო მალდინის მარტოს აქვს ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოგებული.

წინა დღეებში წავიკითხე, რომ პსჟ-ს, „მანჩესტერ სიტის“ და მსგავს გუნდებს უჭირთ ამ ტურნირის ფინალში გასვლა, რადგან საჭირო გამოცდილება არ გააჩნიათ. თუ ეს, ასეა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. მათ არა რომელიმე უბრალო კლუბი, არამედ „ტოტენჰემი“ დაამარცხეს. ობიექტურები ვრჩებით! „ბენფიკა“, „მილანი“ და „ინტერი“ ვერ იფიქრებენ, რომ ფინალში არიან? ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ. წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შედეგი საუბრით არ მიიღწევა.

„მილანის“ წინააღმდეგ 20 დღეში სამჯერ თამაში? ისინი გვიცნობენ და მათ ჩვენ ვიცნობთ, ერთმანეთს ორივე კარგად ვიცნობთ. კრიზისული პერიოდი, რომელიც ყველა გუნდში დგება, გადალახეს. ამ სამ მატჩში ის გაიმარჯვებს, ვინც კონკრეტულ თამაშში უკეთესი იქნება. „მილანი“ ყველა ასპექტით რთული მეტოქეა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ 2 აპრილს, სერია A-შიც შეხვდებიან. შემდეგ კი, 12 აპრილს ("სან სიროზე) და 18 აპრილს ("სტადიო მარადონაზე") ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ, თითქმის ორ კვირაში ისინი სამჯერ დაუპირისპირდებიან. აქვე გავიხსენოთ, რომ ნეაპოლელებმა მიმდინარე სეზონში „როსონერის“ გასვლაზე 2:1 მოუგეს.

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 11-წლიანი პაუზის შემდეგ თამაშობს, „ნაპოლი“ კი ისტორიაში პირველად.