სოსო ტყემალაძე: მივმართავ ჩვენს გულშემატკივრებს: ნუ ჩაებმებიან ამ თამაშებში - ეს უნდა ზუსტად ჩვენს მტერს, რომ ბიჭების კონცენტრაცია გადაიტანონ

სოსო ტყემალაძე: მივმართავ ჩვენს გულშემატკივრებს: ნუ ჩაებმებიან ამ თამაშებში - ეს უნდა ზუსტად ჩვენს მტერს, რომ ბიჭების კონცენტრაცია გადაიტანონ

მერაბ შარიქაძემ, ჩვენმა სახელოვანმა კაპიტანმა, ჩვენი ქვეყნისა და ახალგაზრდების სახემ დაწერა კომენტარი, რომ ვემხრობი ევროპასო. მეც ვამბობ, რომ მხარს ვუჭერ ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„აბა, ნახეთ რაგბიში როგორ გვიყურებენ ევროპელები? ზედაც არ გვიყურებენ. როგორი მოვლენები ვითარდებოდა შიგნით. აქვს ევროპასაც თავისი პრობლემები. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, ჩვენი ღირებულებითი თვალსაზრისით. ბიჭმა დაწერა, რომ ევროპისკენ და ნახეთ, რა კომენტარები მიიღო მან „ფეისბუქზე“ და რა გაკიცხვა. ამიტომაც ჩვენ შევთანხმდით, რომ არავინ არანაირ კომენტარს არ გააკეთებს. მათი ნებაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმხელა წნეხში მოექცნენ, იმის ნაცვლად, დილით ვარჯიშზე იფიქრონ, ფიქრობენ როგორი პასუხი გასცენ სხვადასხვა კომენტარით. მივმართავ ჩვენს გულშემატკივრებს: ნუ ჩაებმებიან ამ თამაშებში - ეს უნდა ზუსტად ჩვენს მტერს, რომ ბიჭების კონცენტრაცია გადაიტანონ.

გარწმუნებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ველოდებით სენსაციებს და ამისთვის ვიღვწით. დღესაც ჩემი მივლინება არის იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები შევარჩიო მსოფლიო თამაშების წინ. გასაგებია, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს პროტესტი და მე არაფერი მეთქმის, მაგრამ ვთხოვ საზოგადოებას, რადიკალური ზომებისგან თავის შეიკავონ, რადგან 6 ერში გაწევრიანებაზეა საუბარი და სჭირდება ამას სტაბილურობა. მეც გამოვალ, თუ რამე ისეთი ირღვევა, მაგრამ ბოთლების სროლა, დაწვა ქვეყანას აზიანებს. თუ მაინც და მაინც რამე არის შესაცვლელი, ამას თავისი ფორმა აქვს, რომელსაც არჩევნები ჰქვია და საზოგადოებამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.