რა აღარ მოხარშულა მწერლების გონებაში — წარმოუდგენელი სისასტიკის დანაშაულები და იდუმალებით მოცული ამოუხსნელი მოვლენები. თუმცა, ზოგჯერ იდუმალება არც სახელგანთქმული ავტორების ცხოვრებას აკლდა. აი, ზოგ შემთხვევაში კი, მათი სიკვდილის ამბავიც ისეთი უცნაური იყო, დეტექტივების ნებისმიერ ავტორს რომ შეშურდებოდა.
1. შერვუდ ანდერსონი
ცნობილი ამერიკელი მწერალი შერვუდ ანდერსონი თავის ცოლთან, ელინორთან ერთად, სამხრეთ აფრიკისკენ კრუიზით მიემგზავრებოდა, როცა მუცლის უჩვეულო ტკივილმა შეაწუხა. ამის გამო, წყვილი პანამაში ჩავიდა და ანდერსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მწერალი იქვე გარდაიცვალა რამდენიმე დღის შემდეგ. ავტოფსიის შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ანდერსონმა მარტინის დალევისას სასმელს ზეთისხილიც მიაყოლა, რა დროსაც 2,5 სმ სიგრძის ხის ჩხირი გადაყლაპა. სწორედ ამ პატარა ჩხირმა გამოიწვია პერიტონიტი, რასაც მწერალი ემსხვერპლა.
2. ესქილე
ძველბერძენ დრამატურგ ესქილეს "ტრაგედიის მამადაც" იცნობენ. არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა თავად ავტორის აღსასრული. მწერალ ვალერიუს მაქსიმუსის ცნობით, ესქილეს სიცილიის ქალაქის გალავანთან ჯდომისას თავზე კუ დაეცა. ქვეწარმავალს, როგორც ჩანს, არწივი მიათრევდა და, მაქსიმუსს თუ დავუჯერებთ, ფრინველს დრამატურგის უთმო თავი ქვაში აერია. ამიტომ, საკბილოს ბაკანი რომ გაეტეხა, კუ სიმაღლიდან დაანარცხა მასზე. სხვათა შორის, რომაელი ფილოსოფოსი პლინიუს უფროსი ირწმუნებოდა, რომ ესქილეს სიკვდილი ორაკულმა იწინასწარმეტყველა.
3. ტენესი უილიამსი
არაერთი ცნობილი პიესის ავტორი ტენესი უილიამსი 1983 წლის თებერვლის მიწურულს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი. ექიმის თავდაპირველი დასკვნით, დრამატურგის სიკვდილის მიზეზი ბოთლის გადაყლაპული საცობი გახდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საცობი არაფერ შუაში ყოფილა. უილიამსმა დაძინებამდე ბარბიტურატი მიიღო, რომლის შემადგენლობაზეც ალერგიული ყოფილა.
4. ედგარ ალან პო
შემაძრწუნებელი და იდუმალი ამბების მთხრობელი ამერიკელი მწერლის ცხოვრება არანაკლებ უჩვეულო გახლდათ. აი, მწერლის სიკვდილის მიზეზი კი დღემდე დაუზუსტებელი და ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველია.
1849 წლის 27 სექტემბერს პო ვირჯინიიდან ფილადელფიისკენ გაემგზავრა. ექვსი დღის შემდეგ მას ქალაქ ბალტიმორის ერთ-ერთი ტავერნის მიმდებარედ პოულობენ "საშინელ ფორმაში": მწერალს სხვისი სამოსი ეცვა, შეშლილი გამომეტყველება ჰქონდა და ბოდავდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მან ვერ შეძლო, მოეყოლა, რა დაემართა. პო იძახდა მხოლოდ ყველასთვის გაუგებარ სახელს "რეინოლდსს". ლეგენდარული პოეტი 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად დღემდე სხვადასხვა რამ სახელდება: მკვლელობა, ვირუსი, ტვინის სიმსივნე, ცოფი, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია და სხვა.
5. მარკ ტვენი
სემუელ ლენგჰორნ კლემენზი, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ფსევდონიმით, მარკ ტვენი, იცნობენ, 1910 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით. გარდაცვალების მიზეზში უცნაური არაფერია; უჩვეულოა მხოლოდ ის, რომ ცნობილმა მწერალმა თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.
"1835 წელს მოვევლინე ქვეყანას, როცა ჰალეის კომეტა გამოჩნდა", — განაცხადა ტვენმა 1909 წელს, — "ეს კომეტა მერმის ბრუნდება და ველი, რომ მასთან ერთად გავუჩინარდები. ჩემი ცხოვრების უდიდესი იმედგაცრუება იქნება, ასე თუ არ მოხდება".
ტვენს იმედი არ გასცრუებია — ჰალეის კომეტა მწერლის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, 1910 წლის 20 აპრილს გამოჩნდა.
6. მოლიერი
გავრცელებული ცნობით, ცნობილი ფრანგი დრამატურგი სცენაზე გარდაიცვალა. თუმცა, ეს ბოლომდე მართალი არაა. 1673 წლის თებერვალში მოლიერი თავისივე პიესის მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში როლს ასრულებდა, რა დროსაც შეტევითი ხველა დაეწყო. თუმცა, სპექტაკლი გაგრძელდა და ავტორმაც დაასრულა როლის შესრულება. მოლიერი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და წარმოდგენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ტვენის არ იყოს, დიდად უცნაური აქაც არაფერია. საეჭვო შემთხვევა თუ დამთხვევა მხოლოდ ისაა, რომ გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, თეატრის სცენაზე, მისი პერსონაჟის სიტყვები წინასწარმეტყველებასავით გაისმა: "თქვენი მოლიერი ფრიად თავხედი გახლავთ. მკურნალი რომ ვყოფილიყავი, არც კი დავეხმარებოდი და ნებას მივცემდი, მომკვდარიყო. ამაო იქნებოდა მისი მუდარა და ლოცვა".