მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, კვლავ ემოციური მუხტის შემოტანასა და ულტიმატუმების წამოყენებას ცდილობენ და არ მგონია, ეს კარგი გამოსავალი იყოს. ეს ალბათ, აყოლაა იმ წესსა და პირობაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, კვლავ ემოციური მუხტის შემოტანასა და ულტიმატუმების წამოყენებას ცდილობენ და არ მგონია, ეს კარგი გამოსავალი იყოს. ეს ალბათ, აყოლაა იმ წესსა და პირობაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს

დეპოლარიზაცია არის ის საკითხი, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც რომელიმე კანონპროექტი გადაწყვეტს, მაგრამ შეგვიძლია დავსხდეთ და რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ქრონიკაში“ საუბრისას მან ოპოზიციონერ ჰერმან საბოს მიმართა და აღნიშნა, რომ სარჯველაძისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს საბო პარლამენტში სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ერთგვარი ულტიმატუმის ენით.

„გაუგებარი რჩება, რატომ საუბრობს ამ ტიპის ულტიმატუმებით, რადგან მომეჩვენა, თითქოს ის ამბობდა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ მომდევნო კვირაში დავსხდეთ და ვითომც არაფერი, ვიმუშაოთ კანონპროექტზე. აბა, პარლამენტში საერთოდ რას ვაკეთებთ, გაუგებარია?! ვფიქრობ, კვლავ ემოციური მუხტის შემოტანასა და ულტიმატუმების წამოყენებას ცდილობენ და არ მგონია, ეს კარგი გამოსავალი იყოს. საბოლოო ჯამში, ეს ალბათ, აყოლაა იმ წესსა და პირობაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს და რომლის მიზანიც ამ პროცესისთვის ხელის შეშლაა.

დეპოლარიზაცია არის ის საკითხი, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც რომელიმე კანონპროექტი გადაწყვეტს, მაგრამ შეგვიძლია დავსხდეთ და რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ. ამას როდესაც ვინმე უმიზეზოდ ხელს უშლის, რა თქმა უნდა ეს პრობლემურია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საუბრისას მან ასევე დეპოლარიზაციის საკითხზე მუშაობისას გასული წლის ზაფხულში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებიც გაიხსენა.

„წმინდა პიარული არგუმენტებით ცდილობდნენ, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, ბრალის არმქონეებად გამოჩენილიყვნენ და პროცესი მაქსიმალურად დაეზიანებინათ. თითოეული ოპოზიციონერის მთავარი მოვალეობაა, კეთილი ინებოს, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს კანონპროექტზე. არ უნდა ამას ახსნა, 7 მარტს მღელვარება იყო, ხმაური თუ ვიღაც მიტინგზე, რა თქმა უნდა, ეს არ ქმნის წინაღობას იმისთვის, რომ მომდევნო კვირიდან კი არა, დღესვე ვისხდეთ და კანონპროექტზე ვმუშაობდეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.