ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: „გლობალური ომის პარტიას“ საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ამის გავლენაა  განცხადებები და პოზიციები, რომელსაც აფიქსირებს, თუმცა, პერიოდულად ჩანს, რომ მას თავისი პრიცნიპებიც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: „გლობალური ომის პარტიას“ საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ამის გავლენაა  განცხადებები და პოზიციები, რომელსაც აფიქსირებს, თუმცა, პერიოდულად ჩანს, რომ მას თავისი პრიცნიპებიც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს

რა თქმა უნდა ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება რომელსაც ვხედავთ პრეზიდენტის მხრიდან არის გაუგებარი - ასე უპასუხა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას გადაცემაში “იმედი Live”.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, თუ რა კრიტერიუმების გამო შეარჩიეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე და დაასახელა ის სამი ფაქტორი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა განაპირობა. მისი თქმით, კანდიდატის შერჩევაში, ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად იყო ჩართული.

„ძირითადი კრიტერიუმი ერთი ის იყო, რომ ქალბატონი იყო და სიმბოლიზმზე კეთდებოდა აქცენტი, მათ შორის, ბატონი ბიძინას მხრიდან. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული ტრადიცია თამარ მეფიდან მოყოლებული, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქალები არიან წინა პლანზე, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ ტრადიციას ვეცით პატივი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლეს ისტორიასთან: საუბარია პირადად მასზე, მის ოჯახზე - ის არის პირველი რესპუბლიკის დამფუნებლების და მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების შთამომავალი და ესეც იყო ერთი მნიშვნელობანი ფაქტორი.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ეს ადამიანი არ იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მის პატრონებთან - ეს იყო მნიშვნელოვანი გარემოება და მესამე ფაქტორი, რის გამოც მიღებული იქნა მისი დასახელების გადაწყვეტილება.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული კამპანიით, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ზურაბიშვილის კავშირი არ ჰქონდა არც „ნაცმოძრაობასთან“ და არც ამ პარტიის უცხოელ მოკავშირებთან.

„თქვენ გახსოვთ, მაშინდელი ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მისი გამოცხადება მოღალატედ, ის ბილწსიტყვაობა რომელიც გვესმოდა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდეერების მხრიდან. მაშინ რეალურად გაიშიფრა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს ადამიანი არანაირად არ იყო დაკავშირებული, ისევე როგორც მის „პატრონებთან“. მაშინ, იმ ფაშისტურ კამპანიაში ჩართულები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი მფარველებიც: პირდაპირ ჩამოდიოდნენ უცხოელები და ხელს აფარებდენ იმ ფაშისტურ კამპანიას, რომელიც ზურაბიშვილს წინააღმდეგ წარმოებდა.“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დროთა განმავლობაში პრეზიდენტის პოზიციები და განცხადებები შეიცვალა და მმართველი გუნდისთვის გაუგებარი გახდა, თუმცა, ამის მიზეზად კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენას ასახელებს.

„გავიდა გარკვეული დრო და მისი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ „გლობალური ომის პარტიას“ თავისი საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ამისი გავლენაა ბუნებრივია ის განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს. თუმცა, ამასთან ერთად პერიოდულად ჩანს, რომ ამ ადამიანს თავისი პრიცნიპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.