„ლივერპულის“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, შემდგომში კი არც ისე წარმატებული მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი შესაძლოა თურქული „ტრაბზონსპორის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.
თურქულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტივი ჯი თურქეთში ჩაფრინდა და სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონთან მოლაპარაკებებიც გამართა. Karar-ის ინფორმაციით, ჯერარდმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან, ერთუღრულ დოღანთან ერთად ისადილა, რომელიც კლუბის პრეზიდენტობისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ტრაბზონსპორს“ შოთა არველაძის კანდიდატურაც დაუკავშირეს, თუმცა ის მეორე პრეზიდენტობის კანდიდატის, აჰმედ აღაოღლუს რჩეულია.
ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერა „რეინჯერსში“ შესანიშნავად დაიწყო, თუმცა პრემიერლიგაში, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი საქმეები არც ისე კარგად წავიდა, რის გამოც იგი ოქტომბრის შემდგომ უმუშევარია.