NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ „ოკლაჰომა სიტის“ უმასპინძლა და 90:102 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ოთხიდან სამი პერიოდი დათმო, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საბოლოო გამარჯვება ვერ მოიპოვა.
მამუკელაშვილმა ტეხასელთა რიგებში მეოთხე მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16:38 წუთი დაჰყო, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
„სან ანტონიოში“ საუკეთესო ზაჩ კოლინსი იყო 23 ქულით, ხოლო „ოკლაჰომას“ ჯალენ უილიამსმა 21 ქულით და 10 პასით ულიდერა.
„სან ანტონიო“ 17 მოგებით და 50 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.