ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები

ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები, ამაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ამ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ რომ გადაგვედგა გაუაზრებელი, ემოციური ნაბიჯები, პოპულისტური რაღაცები დაგვეწყო, დღეს არაფერი იქნებოდა ქვეყანაში - არც ლარი იქნებოდა თითქმის 2,5-ზე ჩამოსული. ინფლაცია 8%-ზე ჩამოვიდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, გავზარდეთ პენსიები, ხელფასები საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა. ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს: წელსვე, სექტემბერში უნდა დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ვიწყებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას - 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი. ყველა მიმართულებით არის პროგრესი. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ჩვენ ბევრს ნერვებს ვუშლით. ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი ახლაც უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა. ამ როლზე ჩვენ დიდი ხანია უარი ვთქვით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და პატრიოტული ხელისუფლება. აქვე მინდა განვმარტო: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები, ამაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ამ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანა არის, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩვენი მთავარი ოცნება - ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პრემიერმა.