„დღეს იყო ისტორიული დღე - საქართველოში პირველმა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ დაასრულა თავისი ნახევარწლიანი მუშაობა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული ანგარიში დოკუმენტია უახლეს ისტორიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს.
„საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობის შესახებ ბევრს არ ვილაპარაკებ - სრულიად საქართველოს ჰქონდა სხდომების პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა. საბოლოო ანგარიში შედგა და ფართო საზოგადოება მას სექტემბრის დასაწყისში გაეცნობა.
ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ განსაკუთრებით მადლობელი ვარ ნდობისთვის, კომისიისა და სამუშაო-ტექნიკური ჯგუფის წევრებთან ერთად ნაყოფიერ მუშაობაში ჩართვის გამო - ეს იყო დაუვიწყარი დრო და საინტერესო პროცესი.
საბოლოო ანგარიშის შინაარსობრივი ფორმატი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც ფართო მასებისთვის განკუთვნილი დოკუმენტური "ლიტერატურული" თხზულება და ჩვენ ეს გამოგვივიდა. ეს ანგარიში თავისთავად არის "ბესტსელერი", რომლის 430 გვერდის მიღმა ათობით ათასი გვერდის მოცულობის დამუშავებული დოკუმენტია ჩვენს უახლეს ისტორიაში განვითარებული ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომელთა განმეორებას საქართველოში ადგილი არასდროს აღარ უნდა ჰქონდეს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.