ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ სტუდენტებს - გიყენებენ, გატყუებენ პოლიტიკურად ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპული გზა

ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ სტუდენტებს - გიყენებენ, გატყუებენ პოლიტიკურად ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპული გზა

მივმართავ ჩვენს სტუდენტებს - გიყენებენ ეს პოლიტიკურად ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები. გატყუებენ! გატყუებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერმა სტუდენტებს მიმართა.

„ჩვენ ვეუბნებით ყველას, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი. თქვენ გიყენებენ! მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ. იყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული, ადამიანები. გატყუებენ! გატყუებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ. ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის“, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე?! არაფერი გაუკეთებიათ! ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს და სამი წელი გადადეს. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გავაკეთეთ. ასოცირება ჩააგდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა შეეძლოს ანალიზის გაკეთება.

„ჩვენ გვაქვს გონება და უნდა შეგვეძლოს, ანალიზის გაკეთება. თეთრისა და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ჩვენ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რომ გვინდა მართლაც ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. აი, ამაზე რომ ვიფიქროთ.

მინდა, ასევე ამ ბავშვების მშობლებს მივმართო. ძალიან რთული ვითარებაა. დღეს მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში - რუსეთი და დასავლეთი ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე დგას და რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა. ამ დროს ჩვენ პატარა, 4-მილიონიანი ქვეყანა ვართ. ჩვენი ერი გამოირჩევა თავისი გონიერებით, ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები?!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.