2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მოიყვანა „ქართული ოცნება“. ძალიან კარგად ვიცით, მანამდე რა გაუკეთებია - თავისი ჯიბიდან სამი მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„გახსოვთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ, ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა - ჩვენ დავიწყეთ. მაშინ შს მინისტრი ვიყავი და მე გადმომეცა ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. რა გააკეთა „ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე? ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას? - მე, „ქართული ოცნების“ სახელით. თავისუფალ ვაჭრობას ვინ მოაწერა ხელი, რომ ბიზნესმენებმა შეძლონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა?!
ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს სანდო პარტნიორად და ეს მოხდა 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა ჩემი პირველი პრემიერობის დროს, დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში.
არა მარტო ელიტას ან სხვა შეძლებულ ფენას, არამედ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში - ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“, - აღნიშნა პრემიერმა.