ამერიკაში, ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში საოცარი მატჩი ჩაატარა ნატალია ოთხმეზურმა, სადაც მისი გუნდი "აიონა გაელსი" თავისი კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ქართველი კალათბურთელის გაელსმა MAA (Metro Atlantic Athletic) კონფერენციის ნახევარფინალში სიენა დრამატულ ბრძოლაში – 67:66 დაამარცხა და საჩემპიონო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ოთხმეზური თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ნატალიამ 10-დან 5 სამქულიანი, 3-დან 2 ჩააგდო, რასაც AND1 საჯარიმოც მოაყოლა და შეხვედრა ბომბარდირისა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ამპლუაში – 20 ქულით დაასრულა.
აიონა გაელსი MAA-ს კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. აიონელებმა 20 მატჩიდან 18 მოიგეს, რის შემდეგაც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდმა პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელა. ოთხმეზურის გუნდმა წინა, მეოთხედფინალურ მატჩში ასევე ბრძოლაში – 39:37 დაამარცხა სეინტ მერის უნივერსიტეტი, რომელიც რეგულარულში მე-8 ადგილზე გავიდა და ამის მიუხედავად, პირველადგილოსან "აიონა გაელსს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია. იმ შეხვედრაში ნატალიამ 13 წუთში მხოლოდ 2 მოხსნა მიითვალა, თუმცა ქართველი ლეგიონერი მომდევნო, ნახევარფინალური მატჩის გმირი გახდა.
კონფერენციის ფინალური მატჩი 12 მარტს გაიმართება და ოთხმეზურს გუნდის მეტოქე "მანჰეტენის უნივერსიტეტი" იქნება, რომელმაც რეგულარული 10-10 მოგება-წაგებითა და მე-6 ადგილზე დაასრულა.
თუკი ქართველის გუნდი ფინალს მოიგებს, MMA კონფერენციის ჩემპიონობასთან ერთად აიონა გაელსი ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში, ეგრეთ წოდებულ მარტის სიგიჟეში მიიღებს მონაწილეობას. ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში მთელი სტუდენტური ლიგის (32 კონფერენცია და 348 გუნდი) 68 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს და ამერიკის აბსოლუტურ სტუდენტურ ჩემპიონს ავლენს.
გეტყვით, რომ ნატალია ოთხმეზური ქართული კალათბურთის თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე და ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც ოდესმე NCAAW ლიგაში უთამაშია. მან უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოსახვედრი გზა კოლეჯთა ლიგიდან დაიწყო, რის შემდეგაც NCAA-ის მეორე დივიზიონში გადავიდა და ახლა უკვე უმაღლესშია.