სანდროს შედეგიანი მატჩი და იოკიჩის სამმაგი დუბლი: ქართველის გუნდმა ლიდერ

სანდროს შედეგიანი მატჩი და იოკიჩის სამმაგი დუბლი: ქართველის გუნდმა ლიდერ "დენვერს" აჯობა

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილიმა სან ანტონიოში მე-3 და ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 23 წლის ფორვარდმა ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გუნდის მაისურით “დენვერ ნაგეტსის” წინააღმდეგ 12 წუთი ითამაშა და ძალიან შედეგიანი იყო. სანდრომ არც თუ ისე დიდ დროში საკუთარ გუნდს 11 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სანანტონიოელთა მეტოქე დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, "დენვერ ნაგეთსი" იყო და მამუკელაშვილის გუნდმა მეტოქეს 8-ქულიანი სხვაობით 128:120 აჯობა.

აღსანიშნავია, ისიც რომ სანდრომ წინა 2 შეხვედრისგან განსხვავებით პარკეტზე ნაკლები დრო გაატარა, თუმცა შედეგიანობის მხრივ უკეთესი მაჩვენებელი აჩვენა. მან "სან ანტონიოში" მისვლის შემდეგ, სადებიუტო მატჩში "ჰიუსტონს" 16 წუთში 6 ქულა ჩაუგდო და მომდევნო შეხვედრაში ამავე გუნდის წინააღმდეგ 17 წუთში 6 ქულა მოაგროვა. აღნიშნული ორივე დაპირისპირება ქართველის გუნდმა წააგო, თუმცა დღეს, კონფერენციის ლიდერს უმასპინძლა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

მამუკელაშვილი მოედანზე სწორედ მაშინ იდგა, როდესაც მატჩის ბედი წყდებოდა. პოპოვიჩმა სანდრო თამაშში ბოლო პერიოდის პირველივე წამიდან შეუშვა და თამაშის ბოლომდე მოედანზე დატოვა. შედეგად, ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ზუსტად 12 წუთი გაატარა.

სანდრომ 2-დან ორი ორქულიანი, 3-დან ორი სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი საკმაოდ აქტიური იყო და 3-ჯერ დაჯარიმდა, ბურთი კი ერთხელაც არ დაუკარგავს. მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. საფინალო სირენამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ფორვარდმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა – 123:116. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

სანანტონიოელთაგან 23 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო. 20 ქულა მიითვალა დაგ მაკდერმოტმა.

ყველაზე შედეგიანი კი "დენვერის" კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი გამოდგა. 28 წლის სერბმა 38:30 წუთში: 37 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დააგროვა, რითაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. მან ბოლო პერიოდში, როდესაც მამუკელაშვილი მოედანზე იყო, 8:10 წუთი ითამაშა და 6 ქულა ისე მიითვალა, ბურთი არ მოუხსნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოკიჩმა მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი 26-ჯერ, კარიერაში კი 102-ჯერ შეასრულა. უნდა ითქვას ისიც, რომ "დენვერელები" სეზონში პირველად დამარცხდნენ მაშინ, როდესაც სერბს სამმაგი დუბლი ჰქონდა, წინა 25 მატჩი მათ ასეთ შემთხვევაში გამარჯვებით დაასრულეს.

„სპურსისთვის“ ეს რეგულარულ ჩემპიონატში 49 მარცხის საპირისპიროდ მე-17 გამარჯვება იყო. "სან ანტონიო" მომდევნო მატჩს 13 მარტს, „ოკლაჰომასთან“ შინ გამართავს. რაც შეეხება "ნაგეთსს", მაიკლ მელოუნის გუნდი 46 მოგებითა და 21 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. ზედიზედ 2 წაგების შემდეგ დენვერელები 12 მარტს "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდებიან.