ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 12 მარტს UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანია და ეს დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.
სპარინგამდე 2 დღით ადრე კი ქართველმა სპორტსმენმა პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებაც ისაუბრა. დვალიშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მისთვის დამატებითი მოტივაცია იანის წარმომავლობა იქნება.
მერაბ დვალისშვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს, სულ კი კარიერაში მის ანგარიშზე 11 გამარჯვება და 4 მარცხია. ამჯერად მერაბი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო მომავალი მეტოქე მას ერთი პოზიციით უსწრებს. რუს სპორტსმენს 16 ბრძოლიდან 12 მოგება და 4 მარცხი აქვს.
"ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იანის დასამარცხებლად ბევრი მიზეზი მაქვს. ის რუსია, მე კი საქართველოდან ვარ. ყველამ კარგად ვიცით, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს და ასევე რა გააკეთა საქართველოში. მინდა ჩემი ხალხისთვის გავიმარჯვო. სამშობლოდან და უკრაინიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ.
როგორც მებრძოლი, მოწინააღმდეგე ძლიერია. მისი დამარცხება ნოკაუტით მსურს, მაგრამ ასეთი ძლიერი ოპონენტი ჯერ არ მყოლია და საკმაოდ რთული იქნება. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გავიმარჯვებ, ნოკაუტით, მახრჩობელა ილეთის, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თუ გაყოფილი ხმებით, მთავარია გამარჯვება მოვიპოვო. ვიცი, რომ მძიმე ბრძოლა იქნება, მაგრამ მე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა დვალიშვილმა.