მამუკა მდინარაძე: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აღარ ვეკარებით ამ კანონს, რადგან ამან შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აღარ ვეკარებით ამ კანონს, რადგან ამან შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აღარ ვეკარებით ამ კანონს, რადგან ამან შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს აღარ დაუბრუნდებიან.

„დღემდე, პოლიტიკოსს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ან მისი რომელიმე დანაყოფიდან, რომ ჩამოუთვლიდი მათ ნაკეთებ რუსულ საქმეებს: სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა; სამაჩაბლოსთვის სამხრეთ ოსეთის დარქმევა და ამ სახელის დაბრუნება; ტერიტორიების შემოსაზღვრა, რომელიც შემდეგ იქ ბორდერიზაციის რუსულ გეგმებში მოხვდა; შემდეგ ომის დაწყების თავის თავზე აღება. წარმოიდგინეთ, რამდენი წელი ამ ნარატივს პირიქით ალაგებდნენ. რეზოლუციით ომის დაწყების თავის თავზე აღება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავზე აიღო ომის დაწყება და ამაზე მოუწერა რუსებს ხელი, ომის დანაშაულზე მოუწერა რუსებს ხელი. მიუხედავად ამისა და მათ მიერ მტკიცებულებების გადამალვისა სტრასბურგი და ჰააგაც მოვიგეთ. ამის გამკეთებლები და ავტორები უკვე 10 წელზე მეტია ალაგებენ ნარატივს, „ქართული ოცნების“ პრორუსობის შესახებ. რომ ჰკითხავდი და შეუბრუნებდი კითხვას, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, ვერაფერს გეუბნებოდნენ. რა უნდა ეთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ხომ არ გეტყოდნენ? რეფორმებს, დემოკრატიის ხარისხს, ციხეების მარწუხებისგან გათავისუფლებას ხომ არ გეტყოდნენ? ხომ არ გეტყოდნენ განვითარებას, სხვადასხვა რეფორმას ყველა მიმართულებით? ახლა კი რაღაც პროცენტში გაუჩნდათ იმის შანსი, რომ თურმე, რუსული კანონი შემოიტანეს. ჩვენი ინტერესია, რომ დავანებოთ თავი ამ კანონს, რომ ვიღაცამ ხელახლა ინტერპრეტაცია არ შეძლოს. საერთოდ არ გავეკაროთ ამ თემას, მაგრამ საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ წნეხისგან, ამ მუხტისგან დამოუკიდებლად, რასთან გვქონდა რეალურად საქმე, რა ეწერა წარსულ დროში ამ კანონპროექტში და რა შეასაღა მას რუსულად გარკვეულ პირთა ჯგუფმა, რომელიც ამავდროულად ერთ წელზე მეტია საქართველოს შავ ხვრელს უწოდებს. რომელიც არაფერს ამბობს იმაზე, რომ მისი პარტნიორი კონკრეტული თანამდებობის პირები ქვეყნის გარედან პირდაპირ მოწოდებებით არიან დაკავებული საქართველოს ომში ჩართვის შესახებ, პირდაპირ გეგმებით არიან დაკავებული არიან, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად აატრიალონ, ხელისუფლების გადადგომა მოითხოვონ, ამას როგორმე მიაღწიონ და ეს ქვეყანა ომში ჩართონ. ამის ავტორები ცდილობდნენ, რომ გარკვეული ენერგია გულწრფელი ადამიანების, ამას შემთხვევით არ ვამბობ და იმიტომ, არ ვამბობ, რომ პიარული მიზნები ჰქონდეს ამას. მე ბევრი ჩემს ირგვლივ აღმოვაჩინე გულწრფელი ადამიანი, რომლებიც კითხვას მისვამდნენ, რატომ იღებთ ამ რუსულ კანონსო? კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა წაკითხული, მპასუხობდნენ არაო, მაგრამ ყველა მაგას ამბობსო, გარედან იმ ხალხს ეშლებათ და მარტო თქვენ იცითო? გაოგნებული ვიყავი ამით. იმდენად დიდი იყო ნარატივი ამის, რომ ასე მარტივი, პიარული ნარატივებით ამის დაპირისპირება ცოტა რთული გახდა. ეს არის სიმართლე, რაც უნდა ვაღიაროთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აღარ ვეკარებით ამ კანონს, რადგან ამან შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.