ჩვენ კანონპროექტის გაწვევით რისკი მაქსიმალურად გვერდით გავწიეთ, მაგრამ შედეგად მივიღეთ - როგორც კი ეს საკითხი იმგვარად გადაწყდა, როგორც ჩვენ განვაცხადეთ, ეს აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო, სტუდენტები ცდილობდნენ რომ სადავეები ისევ ხელში აეღოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციის წამყვანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლები სცენაზე გამოდიოდნენ.
„აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურადაა წარმოდგენილი და ბოლოს მაინც იმ პოლიტიკოსებამდე მივდივართ, რომლებიც რუსს სხვას ეძახიან, თავად ისეთ რაღაცაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ უფრო რუსული საქმის კეთება მსოფლიოში არავის უფიქსირდება, მაგალითად საკუთარი ქვეყნის სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება. აი, ამ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ამ საპროტესტო მუხტის ავანგარდში მოხვედრას, ამაზე მეტი პარადოქსი რა უნდა იყოს?!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც განცხადებები კეთდება.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.