ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით, ფუნდამენტურ საკითხებში ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ასოცირებულ ტრიოში - უკრაინასა და მოლდოვას ყველა ფუნდამენტური საკითხით წინ ვუსწრებთ თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე, ჩვენს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უსამართლო იყო და მე იმედი მაქვს, რომ ახლა უკვე პოლიტიკურად, კრიტერიუმების მიხედვით, ტექნიკურად, ყველა საკითხთან მიმართებაში, ჩვენს მიმართ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს სიტყვები - ღირსებით ევროპისკენ. საქართველოს მოქალაქის ინტერესია საკუთარი იდენტობით, ტრადიციით, რწმენით, ტოლერანტობით, გუშინდელი დღით, აწმყოთი და მომავლის სწორი ხედვით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.