ბევრმა ჩვენმა მომხრემ დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკულად მიიღო და შემიძლია მათ მოვუბოდიშო - არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, როდესაც ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამას თავი უნდა დაანებო. წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ. უნდა შეძლო ყველაფერი გვერდით გადადო თქვა - შეიძლება მართალი ვარ (და მართალიც ვარ ბოლომდე) მაგრამ მე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი პარტია გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამას მოვუფრთხილდით ჩვენ, გუშინ ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ აქციის კადრებში, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება. “, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.