ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებებმა დაუშვეს.
„ბოლო 30 წელია იმ აისბერგებს, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, ყველას მიგვახეთქეს ჩვენმა ხელისუფლებებმა. შესაძლოა, რაღაცის აცილება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ არსებობდა აისბერგი, რომელსაც არ მიეხეთქა საქართველო, იქნებოდა ეს შინა არეულობები, ომები თუ სხვა. ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა. როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ საგარეო ომები, არამედ ამაში იგულისხმება სამოქალაქო მშვიდობა უპირველეს ყოვლისა და სწორედ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგია, რომელსაც ასე ბოროტად იყენებს რადიკალური პოლიტიკური ფრთა, არ იქნას მიმართული არასწორად. არ არსებობს საკითხი, რომელიც ღირს ერთი ახალგაზრდის თუ ერთი ბავშვის ჯანმრთელობად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.