შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, მათ შორის, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ ეს ენერგია აგრესიისკენ მიემართათ

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, მათ შორის, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ ეს ენერგია აგრესიისკენ მიემართათ

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, მათ შორის, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ ეს ენერგია აგრესიისკენ მიემართათ, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, დასაგმობია.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, მათ შორის, ბავშვების ენერგიას იმისთვის, რომ მიემართათ ეს ენერგია აგრესიისკენ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ამის პირდაპირი მაგალითი, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა შეკრებილ ახალგაზრდებს პირდაპირ მოუწოდა უკანონობისკენ, რომ პიკეტირება მოეწყოთ პარლამენტის და ამის შედეგი ვიხილეთ ჩვენ. გადაიზარდა ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ და ასევე შენობის დაზიანებაში, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სამწუხაროა, რომ ასევე ვხედავდით ამ აგრესიის წახალისებას. ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით, როცა ეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა, ამ შემთხვევაში პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ამ ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია თუ ემპათია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.