ბრიუს უილისის ცოლმა პაპარაცებს სთხოვა, დემენციის მქონე მსახიობს არ უყვირონ

ბრიუს უილისის ცოლმა პაპარაცებს სთხოვა, დემენციის მქონე მსახიობს არ უყვირონ

ბრუის უილისის ცოლმა, ემა ჰემინგ უილისმა, პაპარაცებს სთხოვა, მსახიობის ყურადღების მისაქცევად ყვირილი შეეწყვიტათ, როცა ქუჩაში გასულს ხედავდნენ. ბრიუსს ცოტა ხნის წინ ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები მისი ტვინის იმ ნაწილშია დაზიანებული, რომელიც დაგეგმვაზე, მსჯელობაზე, ემოციებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული ტიპის დემენციის შემთხვევაში ხშირია ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, პერსონალურ და სოციალურ სიტუაციებში მონაწილეობის უეცარი შეწყვეტა, საუბრისას სათანადო სიტყვების მოფიქრების გაძნელება, კუნთების სპაზმი, ბალანსის დარღვევა, კანკალი და მოძრაობის პრობლემები.

"ჩემთვის ნათელია, რომ მეტი განათლება სჭირდებათ ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით," — განაცხადა ემა ჰემინგ უილისმა ინსტაგრამზე. —"ამიტომ მინდა, ფოტოგრაფებსა და ვიდეოგრაფებს მივმართო, რომლებიც ცდილობენ, ჩემი ქმრის ექსკლუზიური ფოტოები და ვიდეომასალები მოიპოვონ. მესმის, რომ ეს თქვენი სამსახურია, მაგრამ იქნებ, ეცადოთ, მის პირად სივრცეში არ შეიჭრათ."

"იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ჩემს ქმარს ვიდეოს უღებს, გთხოვთ, ნუ უყვირით მას და ნუ აწუხებთ შეკითხვებით. მიეცით მეტი სივრცე. ნება მოგვეცით, რომ ერთი ადგილიდან მეორეში უსაფრთხოდ გადავაადგილოთ."

ემამ რჩევის გაზიარებაც სთხოვა იმ ადამიანებს, რომლებიც დემენციის დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრს უვლიან ან ამ დიაგნოზის სპეციალისტები არიან, ვინაიდან ეს პროცესი, მისი თქმით, გამოწვევებითაა სავსე.