მიშა და ჩუსტები - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

მიშა და ჩუსტები - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
კასილასი ერთ–ერთი საუკეთესო იყო; რამოსი – შესანიშნავი, პიკემ და პუიოლმა ჩაააგდეს მაინც თამაში (რობენმა აწამა).... კაპდევილა არ იყო ცუდი, ბუსკეთსი – ნორმალური, ალონსო – დიდებული, ხავი – არაჩვეულებრივი, ინიესტა – საუკეთესო, ვილა საშუალო, ფაბრეგასი კარგი, ნავასიც კარგი, ტორესი – სუსტი, მსაჯი – გადასარევი!

ჩაიგრიხინა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა და ჰოი საკვირველებავ, თურმე, აქამდე უმეტესობა შინაგანად ესპანეთის ქომაგი ყოფილა და არ ამხელდნენ. ტრაგედიაა, როდესაც გუნდს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობის გამო აქებენ. ახლა ნახავთ თქვენ, საქართველოში რამდენი მაისური და კეპი გაიყიდება ესპანეთისდროშიანი გამოსახულებით. ქართულ ინტერნეტფორუმებზე მსოფლიოს ჩემპიონატის ციებ-ცხელება დამთავრდა, თუმცა ზოგადად ციებ-ცხელება აქ არასოდეს დასრულდება!

აქვს თუ არა პრეზიდენტს ჩუსტები? საკითხავი აი ეს არის!

bbs76: “ქართული ტელევიზიები ახალ სიმაღლეებს იპყრობენ! ახლახანს მოვისმინე “იმედზე” “ნანუკას შოუს” ანონსი! ნანუკა ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს სადღაც, ზღვის სანაპიროზე, ღია კაფეში თუ რაღაც ამდაგვარში.

ერთ-ერთი კითხვა: წამყვანი ეკითხება პრეზიდენტს: “თქვენც გაქვთ სახლში ჩუსტები, ხალათი და რაღაც იმდაგვარი ნივთები, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ ხოლმე?” ხალხო, მიპასუხეთ რა არის ეს? ჟურნალისტიკაა ეს შოუა თუ რა ჯანდაბაა? ვერ მივხვდი რატომ არის ასეთი მოულოდნელი რომ პრეზიდენტს აქვს ჩუსტები? სულ გაგიჟდა ეს ქართული ტელევიზიები. ეს ფამილიარობის რა ტიპის გამოვლენაა?“

ეს გადაცემა, სამწუხაროდ, არ მინახავს და საინტერესოა, სააკაშვილმა ნანუკას რა უპასუხა – ლეღვის ფოთოლი მაქვს აფარებული ხალათის მაგივრად და ფეხშიშველი დავდივარო?

ქართულ ინტენეტფორუმებზე ბოლო დროს საქართველოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო პოლიტიკოსის გამოვლენით დაინტერესდნენ. საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ: ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ლავრენტი ბერია, ედუარდ შევარდნაძე, ზვიად გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები.

ZviZvi: “ვის თვლით თქვენ, უზერნო, ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ქართველ პოლიტიკოსად? რამდენიმე განმარტებას შემოვიტან: ბერია და სტალინი მართალია მხოლოდ საქართველოს არ მართავდნენ, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებად ჩავთვალე ამ შემთხვევაში, ანუ ეთნიკურად ქართველებზე მაქვს ლაპარაკი. ილია არ შევიყვანე რადგან რეალურ (პოლიტიკურ) ძალაუფლებას არ ფლობდა. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, მისი მოღვაწეობა ჯერ არ დამთავრებულა და ამიტომ შეფასებაც ცხელ გულზე ორივე პოზიციიდან ნადრევი და არასრულყოფილი იქნება, მაგრამ დღეის მდგომარეობით ვილაპარაკოთ. ძალიან გთხოვთ არგუმენტებიც მიუთითეთ. აბა, ველი თქვენს აქტიურობას”.

საინტერესოა იმ ადამიანების ტვინის აგებულება, რომლებმაც ხმა სააკაშვილს, გამსახურდიას და შევარდნაძეს მისცეს. რა გააკეთა ასეთი წარმატებული საქართველოსთვის ამ ხალხმა? ნუ, მათი ახლობლებისთვის და ნათესავებისთვის -გასაგებია, მაგრამ დანარჩენი საქართველოსთვის?..

ხომ არ იცით, რატომ არსებობს ასეთი გამოთქმა: ჩვენ რუს ხალხს არ ვერჩით, ჩვენ ვერჩით რუსეთის მთავრობას?!

Usaxlkaro: “ყოველთვის მინდოდა დავმჯდარიყავი და გამეგო იმ ადამიანების აზრების მოსმენა, ვინც ამბობს, რომ რუსეთი კი არაა ცუდი, მხოლოდ მისი მთავრობააო. ის ხალხი არ იყო რომ გვებრძოდა საუკუნეების განმავლობაში? ის ხალხი არ იყო 2008 წელს რომ შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და აგივიწიოკა ყოვლად უდანაშაულო მოსახლეობა? იმ ხალხის შვილები არ არიან ის ჯარისკაცები, რომლებიც არასწორად იბრძოდნენ სამაჩაბლოში? ეს ხომ რუსეთია ხალხო, დაუფიქრდით...

საქართველოს მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი გაიძახის, ჩვენ ვუყვარვართ რუს ხალხსო, უბრალოდ, მთავრობა ვერ გვიტანსო... მოიცათ, მოიცათ! მე თუ ვინმეზე გული შემტკივა მას ყველანაირად დავეხმარები გაჭირვებაში! ხაზი მინდა გავუსვა ამ ფაქტორს, როცა რუსეთი გვეომებოდა და ბომბავდა ჩვენს ტერიტორიებს, სად იყო ის რუსი ხალხი? აღშფოთდნენ? აღელდნენ?”

დიახ, მე ვერჩი რუს ხალხს იმიტომ, რომ ჯერ პუტინი აირჩია პრეზიდენტად ორჯერ და მერე მისი ლაქია! დიახ, მე ვერჩი რუს ხალხს იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს ისტორიაში ნასწავლი აქვს, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო მათი და ეს თაობების განმავლობაში ჩადებული აზროვნება არსად წასულა! დიახ, მე ვერჩი რუს ხალხს იმიტომ, რომ აფხაზეთის კურორტებზე ქართველების სისხლით მორწყულ პლიაჟებზე დადიან დასასვენებლად!

დაილოცოს გურჯისტანი, კაი შვილების მომყვანი... ცხონდეს მომნათლავიცა...

licemer: “დიმიტრი უზნაძე: ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება, ნებაც – მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. ვმარცხდებით”.

მე კი ასე ვიტყოდი: დაილოცოს გურჯისტანი, კაი შვილების მომყვანი...

ცხონდეს მომნათლავიც თანა. გაგვიტრაქტორეს რა ერის მამებმა, რით ვერ გაიგეს, რომ უღელი და მათრახი გვიყვარს ძლიერ, რით ვერ გაიგეს, რომ მონობა ადვილზე ადვილი საქმეა, რადგან მონობის დროს პასუხისმგებლობა სხვისთვის გაქვს გადაბარებული”.

როდესაც რუსი ხარ და ერთი კარგი, წელგამართული მონა როდესაც გყავს, სხვა კაცად გრძნობ მაინც თავს!

უბრალოდ, თხოვნა, ერთი უბრალო მოქალაქისა...

Springchild: “მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შპს “დელტაში” ამა წლის 4 მარტიდან ხორციელდება ძალიან სერიოზული საკადრო ცვლილებები. თავისუფლდებიან სამსახურიდან ხალხი, რომლებმაც თავისი საქმე იციან და მათ ადგილზე მოდის ხალხი, რომლებმაც “არ იციან, მაგრამ ისწავლიან”!

არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩატარდეს შემოწმება იმ ყველა გათავისუფლებული და ყველა ახლადდანიშნული ხალხის მოხსნის თუ დანიშვნის სამართლიანობაზე. (ასევე გათავისუფლებულია დარაჯი, რომელსაც სახლში ინვალიდი შვილი ჰყავს, ალბათ იმიტომ, რომ ევროპაში ან ამერიკაში არ გაიარა დარაჯის მოსამზადებელი 2–კვირიანი კურსები. დარაჯიც ადამიანია და არ დაიწყოთ უხამსობები) მაინტერესებს, ახსნა-განმარტების გარეშე როდემდე იქნება საქართველოში სამსახურიდან დათხოვნები და შესაძლებელია თუ არა ობიექტური(!!!), და არა ძმაკაცურ-ნაცნობური შემოწმება ჩატარდეს ამ ორგანიზაციაში?!”

საქართველოში ვატო ყიფიანს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე მოსამსახურე, საქმის და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს, რომელიც დღეს გაგიჟების ზღვარზეა. გამოსავალს კი არავინ არ ეძებს.

საინტერესო რჩევა ჩვენ, მათ, სხვებს და დანარჩენებსაც...

axalirevolucia: “ცხელი ზაფხული ჯერ კიდევ წინაა. მალე შეუძლებელი გახდება დაემალო თბილისურ ხვატს. აზუზუნდება კონდიციონერები და ბინაში ერთი-ორ ბედნიერ ოთახს გააგრილებს, დანარჩენი კი მაინც სიცხის ბუღში დარჩება. დადგება მშრალი „შარკოს“, რადიკულიტებისა და სურდოს სეზონი. იბზრიალებს ელექტრომთვლელები (სოჩიკები) და გადაიჩხრიალებს ფულის მდინარე ჩვენი ჯიბეებიდან ენერგოკომპანიების ანგარიშზე.

მოკლედ. სენსაცია! ბინის გაგრილების უებრო მეთოდი ნაპოვნია. უებრო იმით, რომ ადვილია და იაფი. აიღეთ წინასწარ ყვავილების ბაზრობაზე ნაყიდი (მე კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარედ ვიყიდე) ყვავილების თაიგულის შესაფუთი სარკესავით ამრეკლავი ფირები. ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 40 თეთრი დაგიჯდებათ, განალაგეთ იატაკზე ერთმანეთის მიჯრით და ასევე წინასწარ ნაყიდი განიერი სკოჩით გადააწებეთ. ახალი სუპერეფექტური ფარდა - სიცხის მკვლელი მზადაა!“

სადაც ვინტილატორი და კონდინციონერიც კი უძლურია, რაღაც ქაღალდი იზამს საქმეს ვითომ? მეეჭვება, ცოტა არ იყოს.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ფორუმებზე ყველას როდი მიაჩნია ეს გუნდი ღირსეულ ჩემპიონად...

chioreli: “აშკარად დაარღვიეს ელიას წინააღმდეგ რამოსმა და ვიღაცამ თამაშის წესი 100% ჯარიმა იყო. ამაზე კიდე ცალკე ისაუბრებს იდიოტი მსაჯი.

მოკლედ, პორტუგალიასთან, პარაგვაისთან და ჰოლანდიასთან დაშვებული შეცდომების გამო თასს ვერ ჩამოვართმევ ესპანეთს, მაგრამ არ ვაღიარებ მსოფლიო ჩემპიონად და ესეთები ძალიან ბევრნი ვიქნებით. “ფეისბუქზეც” შევქმნი ასეთ გვერდს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ვიქნებით. ეს კიდევ ერთი პატარა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ვიდეორეფერის დაკანონების საქმეში, თორემ ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა! მოგებული და წაგებული გუნდები ორივე იჩაგრებიან ამის გამო. წაგებული ვარდება, მოგებულს სულ თან დასტრიალებს ხმები იმის შესახებ რომ არ არიან ღირსეული ჩემპიონები!

მე არ ვაღიარებ ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონად თქვენ?! შემოგვიერთდით, ესპანელებო!”

ჩვენს აღიარება-არაღიარებაზე რომ იყოს მსოფლიოში რაიმე დამოკიდებული, აქამდე აფხაზეთიც ჩვენი იქნებოდა და სხვა კაი-კაი რამეებიც...