ერიკ ტენ ჰაგი:

ერიკ ტენ ჰაგი: "ეს მიუღებელია, არაპროფესიონალურად ვითამაშეთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „ლივერპულთან“ 0:7 განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა მწვრთნელმა თქვა, მისმა გუნდმა არაპროფესიონალურად ითამაშა.

„არ მაქვს ახსნა. პირველ ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით ჩვენს თამაშს, მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გავუშვით, გუნდი მოედანზე აღარ იყო. გეგმა არ შესრულდა. ეს ძალიან ცუდია, ეს იყო არაპროფესიონალური მიდგომა. ჩვენ გუნდურად ვერ ვითამაშეთ, დისციპლინა არ იყო. შეიძლება წარუმატებლობა იყოს, მაგრამ ერთად უნდა ვითამაშოთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე.

არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ეს ჩემთვის არაპროფესიონალურია. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, ჩვენს გულშემატკივრებს ვაწყენინეთ. ერთმანეთისთვის ბრძოლა და თავის დაცვაა საჭირო, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რაც ჩემთვის არაპროფესიონალურია.

დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ დღეს ჩვენი თამაში სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. გასახდელში ვთქვი, რომ ეს მიუღებელია. შემდეგ თამაშზე განახლებული ენერგიით გავალთ, ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო და გუნდი საკმარისად ძლიერია, რომ ეს გადავლახოთ. გულშემატკივრებისთვის ეს წაგება რთულია, მათ ნამდვილად მადლობა უნდა ვუთხრათ, დღეს ფეხბურთელების მრცხვენია“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 49 ქულით მესამე ადგილზეა.