აღდგომის კუნძულზე, ვულკანის კრატერში მოაის ახალი ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Phys.org-ი წერს.
1,6 მეტრის სიმაღლის ქანდაკება სრულიად შემთხვევით 21 თებერვალს იპოვეს, როდესაც ჩილეს სამი უნივერსიტეტის წარმომადგენელი მოხალისეები ვულკან რანო რარაკუს კრატერში მუშაობდნენ.
2018 წლიდან კრატერში არსებული ლაგუნის შრობის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ქანდაკების აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ქანდაკება პირველად აღმოაჩინეს.
მკვლევრების თქმით, ბოლო 2-3 საუკუნის განმავლობაში ლაგუნის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იქ მოაის ქანდაკებას ვერ დატოვებდა.