ლუჩანო სპალეტი:

ლუჩანო სპალეტი: "ჩვეული ხარისხი არ გვქონდა, გასახდელში უკმაყოფილო ბიჭები ვნახე"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ქულების მოსაპოვებლად.

„გასახდელში ბიჭების მხრიდან დიდი უკმაყოფილება და მწუხარება დავინახე. ეს ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი გაიღეს და არაფერი დათმეს. ჩვეული ხარისხი არ გვქონდა, უფრო მეტი ხაზი უნდა შეგვექმნა, რომ მათი დაცვა შეგვეწუხებინა, რაც მეორე ტაიმში უფრო კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ბურთს ხარისხიანად ვერ ვფლობდით.

ასეთ „ლაციოს“ ველოდი, ვიცოდით, რომ თამაშს ასე მოამზადებდნენ. უფრო ზუსტნი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მენტალიტეტის თვალსაზრისით ბიჭებმა ყველაფერი აჩვენეს. არავის მხრიდან არ არის ჩავარდნის მოლოდინი. წინ უნდა ვიყუროთ, ვთქვი, რომ საჭეს ხელს არასდროს გავუშვებთ და ასე იქნება ყველა მატჩში, რომელიც გველოდება. ამ თამაშს გავაანალიზებთ და ვიმუშავებთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია, 18-ქულიანი, მაგრამ „მილანსა“ და „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.