ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გასაყარზე დემილიტარიზებული ზონაა (DMZ), სადაც არავინ ცხოვრობს. საომარი მოქმედებები აქ რამდენიმე ათწლეულის წინ შეწყდა, ხელშეუხებელ ტერიტორიაზე კი დღეს იშვიათი ფლორა და ფაუნა ხარობს. ადგილი ღობეებითა და სახმელეთო ნაღმებითაა შემოსაზღვრული.
ქვეყნების დაზავების 70 წლისთავის აღსანიშნავად Google Arts & Culture-ისა და რამდენიმე კორეული დაწესებულების მიერ 1450 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ბუფერული ზონის ფოტოსურათები გავრცელდა.
"კორეის ომის შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, DMZ-სთან ადამიანებს მინიმალური შეხება ჰქონდათ, დაზიანებული ბუნება კი თავისით აღდგა", — ვკითხულობთ საიტზე — "შედეგად ახალი ეკოსისტემა შეიქმნა, რომელსაც ქალაქებში ვერ იხილავთ, და ადგილი ველური ბუნების ნაკრძალი გახდა".
პროექტის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეუძლიათ, "ვირტუალური ტურის" საშუალებით ომის ისტორიული ადგილები მოინახულონ და ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერონ, რომლებიც რეგიონში ხალხის გამოცდილებას ასახავს.
Google-ის განცხადებით, DMZ-ში ისეთ ფლორასა და ფაუნას ვხვდებით, რომლებიც მხოლოდ კორეისათვის არის დამახასიათებელი. მათი 38% გადაშენების საფრთხის წინაშეა.
კადრები ეკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დამონტაჟებულმა უოპერატორო კამერებმა აღბეჭდა. ფოტოებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ რუხ წეროებს, მუშკებს, დათვებს, თოვლა თხებსა და წავებს ვხედავთ, რომლებიც ზონაში თავისუფლად გადაადგილდებიან.
20 წლის განმავლობაში პირველად, ზემოხსენებულმა კამერებმა ჰიმალაური დათვიც დააფიქსირა. აღნიშნული სახეობის წარმომადგენელთა რიცხვი ჰაბიტატის განადგურების გამო სწრაფად იკლებს.
ჯამში ტერიტორიაზე 6,168 სახეობა გვხვდება — მცენარეების, ძუძუმწოვრების, ამფიბიების, რეპტილიების, ობობებისა თუ მტკნარი წყლის თევზების.
ზონაში არაერთ იშვიათ მცენარეს შეხვდებით, რომელთა შორისაა სახეობა Scopolia parviflora (Dunn) Nakai.
ამას გარდა, ადგილი ჰაბიტატების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა — არის თოვლიანი მთები, ჭარბტენიანი ტერიტორიები და ტყეები.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მკვლევრები DMZ-ის გარემოს ოფიციალურად დაცვას ითხოვენ, თუმცა, CNN-ის ცნობით, პროცესს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დასჭირდება.
2018 წელს გამართული მშვიდობიანი მოლაპარაკებების შემდეგ ეს შესაძლებლობა თითქოს არც ისეთი არარეალისტური ჩანს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოებს შორის ომი ფორმალურად არ დასრულებულა — 1953 წელს კონფლიქტი საომარი მოქმედებების შეწყვეტით მორჩა და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.